მალხაზ მაჩალიკაშვილი

ვოლსკი: ამ პერიოდში მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი პარლამენტში 2017 წლის დეკემბერში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის არშეშვებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, მაჩალიკაშვილი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვან.

"იმდენად თვალსაჩინოა ის წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზს ეხება, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში",-თქვა ვოლსკიმ. 

მაჩალიკაშვილი პარლამენტში კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

დღეს, 29 იანვარს, მაჩალიკაშვილს ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, საშვი ოფიციალურად დააშვებინა, მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. შედეგად მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს თან ჰქონდა მიტანილი კომისიის შექმნის მოთხოვნა და დეპუტატების სახელებზე დაწერილი წერილები.  

მაჩალიკაშვილი მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მთელი ორი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად მართავდა მანამ, სანამ 30 დეკემბრის ღამით მოულოდნელად მისი კარავი თბილისის მერიამ არ აიღო. მერიამ კარვის ნაცვლად ზვიგენის გამოსახულებიანი ბატუტები ჩადგა და გამოაცხადა, რომ იქ გასართობი ცენტრი უნდა მოწყობილიყო. 

ბატუტი მალევე ჩაიფუშა და მის ნაცვლად მერიამ ამჯერად სათამაშო მოედანი მოაწყო, თუმცა ბავშვები მასზე თამაშს ვერ ახერხებდნენ, რადგან ის შემოღობილი იყო და პარლამენტთან მისვლის საშუალებას არავის აძლევდა. 

ამაო აღმოჩნდა თბილისის მერიის მცდელობაც, გარემოვაჭრეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის წინ გადაეყვანათ. გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ ისინი მაჩალიკაშვილს უჭერენ მხარს და იქ გაყიდული პროდუქციის შემოსული ფულით შვილებს საჭმელს ვერ აჭმევენ. 

იანვრის დასაწყისში კი თბილისის მერიამ პარლამენტის შენობას მწვანე ღობე შემოარტყა და გამოაცხადა, რომ ფილების რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები