ირანი

გუტერეში: საუდის არაბეთზე თავდასხმისას გამოყენებული რაკეტები ირანულია

Reuters

Reuters-მა მოიპოვა ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით გასულ წელს საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე და საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმისას გამოყენებული რაკეტები და, ასევე, აშშ-ის მიერ 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის თებერვალში ამოღებული რაკეტები ირანული წარმომავლობისაა. ირანულია დრონებიც, რომლებიც თავდასხმისას გამოიყენეს.

ზოგიერთი რაკეტა ირანშია დამზადებული, ზოგი კი ქვეყანაში 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში ჩაიტანეს.

ანგარიშის მიხედვით, ირანში რაკეტების ჩატანა გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუციის დარღვევით მოხდა.

აშშ-ს სურს, საბჭოს წევრებმა ირანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგო გაახანგრძლივონ და გააფართოონ. ჩინეთმა და რუსეთმა უკვე გამოხატეს, რომ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი არიან.

პარალელურად კი, ირანი ირწმუნება, რომ გაეროს რეზოლუციას არ არღვევს და თანამშრომლობას აგრძელებს. უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის ანგარიშს მიმდინარე თვეს განიხილავს.

გასული წლის სექტემბერში საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.

აშშ-მ საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობა სექტემბერში სამეფოს ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაზარდა. თავდასხმაში აშშ-ცა და საუდის არაბეთის ირანს ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები იდგნენ და ეს მათი პასუხია იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ქმედებებზე. თავდასხმის შემდეგ აშშ-მ სამეფოში ჯარისკაცების რაოდენობა ბოლო თვეში, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ჯამში 3,000-ით გაზარდა, მიმდინარე წლის მაისიდან კი ჯამში 14,000-ით.

კომენტარები