20 ივნისის აქცია

გახარია: თუ არავინ გადადგამს ექსტრემალურ ნაბიჯებს, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია

ტბელ აბუსერიძე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ამბობს, რომ "საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული". 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელიც 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა. 

"წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი [და] არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული", - თქვა გახარიამ. 

20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას მიერ აქცია გაიმართება. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა. 

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები