კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: მძიმე პაციენტი არ გვყავს, საყურადღებო მხოლოდ ერთი პაციენტია

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსის ინფექცია კი 20 პაციენტს აქვს დადასტურებული.  

სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებულებიდან ოთხი 18 წლამდე ასაკის მოზარდია. მისივე თქმით, კლინიკაში მძიმე პაციენტები არ ჰყავთ, საყურადღებო კი მხოლოდ ერთი მოზრდილი პაციენტია. 

"პარასკევის შემდეგ ახალი პაციენტი არ გვყოლია. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. მძიმე პაციენტი არ გვყავს, ერთი პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ბოლო 3 დღის განმავლობაში, 2 მოზარდი და 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა", - ამბობს სოლოღაშვილი. 

სოლოღაშვილმა მეზობელ სომხეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. 

სოლოღაშვილმა კითხვაზე, თუ რა რესურსი აქვს ბოჭორიშვილის კლინიკას სომხეთის დასახმარებლად უპასუხა, რომ ამ ეტაპზე, კლინიკას რესურსი ქვეყნის შიდა საჭიროებისთვის აქვს, რადგან "არავინ იცის, რამდენიმე დღეში, ხვალ ან ორი კვირის შემდეგ, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში". 

"ამ ეტაპზე, ყოველთვის ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, რაც იქნება ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, ყველა ვიმოქმედებთ იმის მიხედვით. ამ ეტაპზე, 50 პაციენტი ბოქსირებულ სექტორში შევსებულია და რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა საჭიროებისთვის თუ გამოვლინდა დაინფიცირებული პაციენტები, მათ არ მოვაკლოთ ადგილი და მზრუნველობა.

ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი", - ამბობს სოლოღაშვილი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 683 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 114 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები