ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს საკონსულტაციო კომპანია 166 000 დოლარის გადაუხდელობის გამო უჩივის

Getty Images

გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულ ჰარვი ვაინშტაინს, ნაფიც მსაჯულთა საკითხებზე საკონსულტაციო კომპანია "Dubin Research and Company" 166 000 დოლარის გადაუხდელობის გამო უჩივის.

ცნობილმა პროდუსერმა საკონსულტაციო კომპანია იანვარში დაიქირავა, რათა მათ ნაფიც მსაჯულების წარსული გამოეკვლიათ და მედია ანალიზი გაეკეთებინათ. 

საჩივრის მიხედვით, 7 თებერვალს კომპანიამ ჰარვი ვაინშტაინის წარმომადგენლებს ინვოისი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც 246 000 დოლარი უნდა გადაეხადათ. მათ კი მხოლოდ 80 000 დოლარი გადაიხადეს და 166 000 დოლარი გადაუხდელი დატოვეს

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჰარვი ვაინშტაინს ფულის გადაუხდელობის გამო უჩივიან. იურიდიული ფირმა "Bayard P.A" საჩივარში წერს, რომ გაწეული მომსახურებების გამო პროდუსერს მათი 423 316 დოლარი მართებს.

Variety-ის ცნობით, ჰარვი ვაინშტაინის წარმომადგენელმა არც ერთ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

---

ჰარვი ვაინშტაინს 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კომენტარები