აშშ

აშშ-ის უშიშროების მრჩეველი: Covid-19-ზე ინფორმაციის დამალვა ისტორიაში ჩერნობილთან ერთად შევა

რობერტ ო'ბრაიენი
AFP

აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა რობერტ ო'ბრაიენმა თქვა, რომ ჩინეთის მიერ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა ისტორიაში ჩერნობილთან ერთად შევა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ოფიციალურმა პეკინმა ცრუ ინფორმაცია გადასცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და პანდემიის საწყისების გამოძიების დაბლოკვას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ჩვენ არ ვიცით რა ჩაიდინა ჩინეთის მთავრობამ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო ადგილობრივი მთავრობა თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია. ეს ვირუსი ჩინეთმა გაავრცელა. მოხდა ინფორმაციის დამალვა, რაზეც, ერთ დღესაც, HBO-ზე ჩერნობილის მსგავსი სერიალი შეიქმნება", - თქვა მან.

ო'ბრაიენმა ასევე ისაუბრა ჩინეთიდან მომავალ კიბერ თავდასხმებზეც:

"შანსი არის, და არსებობს ანგარიშები, რომ ჩინეთი ცდილობს მოიპაროს ვირუსის ვაქცინასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული კვლევები და ტექნოლოგია. მათ მრავალწლიანი ისტორია აქვთ ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების მოპარვის კუთხით. არ გამიკვირდება, თუ ვაქცინაზეც ამას გააკეთებენ", - თქვა მან.

მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მან თქვა, რომ ჩინეთმა მსოფლიოს იმედები გაუცრუა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი მათ ხელს უწყობს აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოსაგან კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 686 436 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 99 300 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 451 745.

ახალი კორონავირუსი პირველად გასულ წელს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 347 079 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 5 524 477 ადამიანს დაუდასტურდა.

ევროკავშირი და ავსტრალია ვირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თქვა, რომ მხარს დაუჭერენ გამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თუმცა შესაფერის დროს. მსგავსი განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა. მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოძიებას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსის კონტროლს შეძლებენ.

19 მაისს დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს წერილი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას სამუდამოდ შეუჩერებს. მან წერილი ტვიტერზე გამოაქვეყნა. წერილში გაკრიტიკებულია კორონავირუსის საპასუხოდ ორგანიზაციის მოქმედებები და ნათქვამია, რომ 30 დღეში მან მუშაობა უნდა გააუმჯობესოს.

კომენტარები