საია

საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.

საია-ს, ცნობით, დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა და ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით.

განცხადების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საია-მ ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს კი არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

"დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, მოიპოვა უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში. კერძოდ, დღეს გამოვიდა ორი გადაწყვეტილება ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის საქმეზე. საიამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და საქმეები მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა, 2008 წლის ომის კონტექსტში გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. აი, ამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი და პრეცედენტური, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ის მთავარი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 2021 წელს სახელმწიფოთა შორის დავაში მიღებული გადაწყვეტილებისგან. ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა." - განცხადეს ბრიფინგზე.

საია-ს ინფორმაციით, რუსეთს შეერაცხება არა მხოლოდ გამოძიების არაეფექტიანობა, არამედ სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის პირდაპირ დარღვევა. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. მართალია, გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერაც უცნობია, თუმცა სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს.

"ამასთანავე, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ არა მხოლოდ გამოძიების არაეფექტიანობა შეერაცხება რუსეთის ფედერაციას, არამედ სიცოცხლის უფლების დარღვევა და წამების აკრძალვის პირდაპირ დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა.

ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს სამხრეთ ოსეთის ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს.

ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ამასთანავე იმ ღონისძიებებს, რომლებიც საიამ განახორციელა დღემდე და კვლავ განახორციელებს საკომპენსაციო მექანიზმის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს რუსეთი 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მისთვის კვლავ სავალდებულოა ყველა იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც 2022 წლამდე იქნა ინიცირებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რომელზეც გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა.

ამასთან ჩვენ ხაზგასმით მივუთითებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ომით დაზარალებული პირების უფლებების დაცვის მიზნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ მათ აქტიური როლი ჰქონოდათ საკომპენსაციო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, როგორი მექანიზმიც, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით ევროპის საბჭოში არსებობს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ აქტიურად ამასთან დაკავშირებით მუშაობას და 2008 წლის ომით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე." - განაცხადა თამარ ონიანმა ბრიფინგზე.

კომენტარები