საია-ს ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგეს, რომელიც 2022 წელს, ბათუმში, პროტესტის ნიშნად მოქალაქის მიერ კარვის გაშლისთვის დაკავებას შეეხება. ორგანიზაცია წერს, რომ სახელმწიფოს მომჩივანისთვის 1 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
"საქმე შეეხება 2022 წელს მოქალაქე ზურაბ ქარჩავას მიერ ბათუმში, მემედ აბაშიძის ძეგლთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახლოს კარვის გაშლასთან დაკავშირებით მის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოცხადებას. სახელმწიფო ამბობდა, რომ ის სასამართლოსთან ახლოს იყო და მის მუშაობას ხელს უშლიდა. ასევე, ამბობდა, რომ მემედ აბაშიძის ძეგლის დაზიანების საფრთხეც არსებობდა - გარდა ამისა, აცხადებდა, რომ რადგან ახალი წლის პერიოდი იყო, ამის საშიშროება, მათ შორის, პიროტექნიკის გამოყენებით არსებობდა. შიდა სასამართლოებმა ეს არგუმენტები დასაბუთებულად არ განიხილეს და ქარჩავა სამართალდამრღვევად პირდაპირ ცნეს.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-10 მუხლის, ანუ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა მე-11 მუხლის, ანუ შეკრების თავისუფლების ფონზე. სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა, რომ ქართულმა სასამართლომ ამ 3 არგუმენტზე დასაბუთებულად იმსჯელა - და იმის მიუხედავად, რომ მომჩივანს კარავი ობიექტთან 20 მეტრზე ახლოს არ გაუშლია, ის მაინც დამრღვევად გამოაცხადა. არც ის დასტურდებოდა, რომ მას ძეგლისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენების სურვილი ჰქონდა. არც ის იყო დადასტურებული, რომ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული ღონისძიება იგეგმებოდა.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 1 დღით ზურაბ ქარჩავას ადმინისტრაციული წესით დაკავება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა იყო და რომ ამ დაკავებამ მსუსხავი ეფექტი შექმნა ქარჩავას მიერ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების გამოყენებაზე. სახელმწიფოს 1 000 ევროს არამატერიალური ზიანის სახით ანაზღაურება დაეკისრა". - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
2022 წელს მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. მას პოლიციელებმა კარავი წაართვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.





