ახალი კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: დაგვემატა 79 წლის პაციენტი თეთრიწყაროდან, საყურადღებო მდგომარეობაა

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკამ 1 ახალი პაციენტი მიიღო, 79 წლის ქალი თეთრიწყაროდან, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა, - "დატვირთულია ანამნეზით, მიმდინარეობს კონსილიუმი და გადაწყდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, გაგრძელდება ჩვეულებრივ პალატაში თუ რეანიმაციაში".

სოლოღაშვილის განმარტებით, პაციენტს პნევმონია და ცხელება აღენიშნება, მას თანმხლები დაავადებებიც აქვს. ამასთან, კლინიკაში, ბოლო 24 საათში, 3 საეჭვო პაციენტია გადაყვანილი, რომელთა ტესტის პასუხებსაც ელოდებიან.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 48 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსი 41-ს აქვს დადასტურებული. კლინიკაში 18 წლამდე 12 მოზარდი მკურნალობს. სოლოღაშვილის ცნობით, ერთი პაციენტი კვლავ რეანიმაციაში რჩება, რომელიც სტაბილურად მძიმეა, ხოლო კლინიკიდან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.

ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. 22 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში სულ COVID 19-ის 723 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 495, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები