კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: შაბათ-კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი, მძიმე პაციენტი არ გვყავს

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებულია 62 პაციენტი. აქიდან ათი 18 წლამდე მოზარდია.  

სოლოღაშვილის თქმით, 1 ახალი პაციენტი საშუალო ხნის ქალბატონია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტი უკვე ცნობილი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. 

"პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 5 პაციენტი არის საყურადღებო. შაბათ-კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. 3 პაციენტი რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. გამოჯანმრთელება დადასტურებულია, მსუბუქად დარჩენილი სიმპტომების დალაგებამდე რჩებიან კლინიკაში", - თქვა სოლოღაშვილმა. 

სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ ჰყავთ. მისივე თქმით, დადასტურებული შემთხვევები შემცირებულია.

"რიცხვები ძალიან ბევრის მთქმელია. ჩვენი კლინიკის მაგალითზე ახალი პაციენტების გამოვლენა არის შემცირებული, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და უნდა დავიცვათ რა რეკომენდაციებიც გვაქვს", - ამბობს სოლოღაშვილი. 

სოლოღაშვილის შეფასებით, ვაქცინაცია მკურნალობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. იგი მოსახლეობას მედიკოსების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. 

"რა თქმა უნდა ძალიან დიდია ვაქცინის მნიშვნელობა, დაველოდოთ კონკრეტულ ვაქცინას. ვფიქრობ, რომ მედიცინა საკმაოდ ძლიერად დგას და უნდა მივყვეთ მედიკოსების რჩევებს. ვაქცინაციის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია", - თქვა სოლოღაშვილმა. 

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა. საკარანტინო რეჟიმში 4 896 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444.

კომენტარები