კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: Covid19-ით ინფიცირებულ პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა. 

სოლოღაშვილის თქმით, მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მისი თქმით, ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"გუშინ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი და მესამე კვირაა მკურნალობს, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, ორი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსნებათ, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად ჩაუტარდა დაინფიცირებულს ოპერაცია", - თქვა სოლოღაშვილმა.

სოლოღაშვილის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 61 ადამიანი მკურნალობს. მისი თქმით, კლინიკაში 3 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელთა კლასტერებიც უკვე ცნობილია. 

" ჩვენთან მკურნალობს 61 covid19-ით ინფიცირებული პაციენტი. ათი არის 18 წლამდე მოზარდი. 13-ის მდგომარეობა საყურადღებოა. 1 პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე. გვყავს 3 ახალი პაციენტი, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, ისინი ცნობილი კლასტერები არიან და მათი ოჯახის წევრები მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გადიან", - თქვა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 178, ხოლო 6 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები