კორონავირუსი საქართველოში

სოფელ ღვანკითში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ - 12

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ღვანკითიდან კიდევ ორ პაციენტს შემოიყვანენ.

"2 ახალი ინფიცირებული მოყავთ ღვანკითიდან. ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ გვყავს 24 პაციენტი, 3 პაციენტი დღეს დატოვებს სტაციონარს", - თქვა ნადირაძემ. 

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კორონავირუსზე ტესტირება ყველას უნდა ჩაუტარდეს, რადგან კონტაქტი ჰქონდათ იმ უბნის მცხოვრებლებთან, სადაც ვირუსი დადასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

"გუშინ სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით. შესაბამისად, დილის 06:00 საათიდან მოეწყობა ბლოკ-საგუშაგოები. სულ მოეწყობა ხუთი საგუშაგო. მთლიანად იქნება სოფელი დაკეტილი", - თქვა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ღვანკითში 2 438 მოსახლე და 705 ოჯახია.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები