კორონავირუსი საქართველოში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

"გუშინ სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით. შესაბამისად, დილის 06:00 საათიდან მოეწყობა ბლოკ-საგუშაგოები. სულ მოეწყობა ხუთი საგუშაგო. მთლიანად იქნება სოფელი დაკეტილი", - თქვა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ღვანკითში 2 438 მოსახლე და 705 ოჯახია.  

როგორც ზვიად შალამბერიძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, სოფელში გუშინ კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 10 შემთხვევა.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა.  

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები