კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

1Tv

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული Covid19-ით ინფიცირებული სასულიერო პირისა და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე, თუმცა სტაბილურია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა ხატია ხატიაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 9 შემთხვევა საყურადღებო და შედარებით მძიმეა. 

"კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევიდან 7 პაციენტი 18 წელს ქვემოთაა. 12 პაციენტთან ვლინდება პნევმონია, აქედან 9 არის შედარებით უფრო მძიმე და საყურადღებო. სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე, თუმცა სტაბილურია," - თქვა ხატიაშვილმა. 

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მამა გიორგი პაპავას თქმით, რომელიც ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, სიმპტომები დაეწყო ხარებას, საღამოს სიცხემ დაახლოებით 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უფრო მეტი - 39 გრადუსი ჰქონდა, თუმცა, ტაძარში ღვთისმსახურებისთვის მაინც წავიდა.

მამა გიორგის და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ექთანია. სწორედ მისგან დაინფიცირდა სამედიცინო ინსტიტუტის ოთხი თანამშრომელი - ერთი ექიმი და სამი ექთანი. სამედიცინო ინსტიტუტში კარანტინია გამოცხადებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები