კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკში COVID-19, სულ მცირე, 343 უსახლკარო ადამიანს დაუდასტურდა

Lev Radin/Pacific Press/LightRocket

ნიუ-იორკში კორონავირუსი, სულ მცირე, 343 უსახლკარო ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მერის ინფორმაციით, მათგან 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 37 კი - საავადმყოფოდან გაწერეს. მისივე თქმით, 139 უსახლკარო ადამიანი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება, 81 საავადმყოფოში, 35 კი, თვითიზოლაციაში ოჯახის წევრების სახლში. 

ბილ დე ბლაზიოს თქმით, 20 აპრილიდან უსახლკარო ადამიანები, რომელთან კორონავირუსის სიმპტომები ექნებათ, ან COVID-19 დაუდასტურდებათ, სასტუმროებში გადანაწილდებიან. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 506 008 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 883 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, აქ ინფიცირების 159 937 შემთხვევა გამოვლინდა, უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. 

აშშ-ში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის სკოლები მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე დახურული იქნება.

კომენტარები