ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ბავშვი კლინიკაში დედასთან ერთად გადმოიყვანეს, თუმცა დედა ინფიცირებული არ იყო:
"დღეს დილისთვის აკადემიკოს ვ.ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44 პაციენტიდან დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია. ის დედასთან ერთად იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში, დედა არ იყო ინფიცირებული, მხოლოდ ბავშვს ჰქონდა ეს დიაგნოზი. კოვიდ 19-ით ინფიცირებული არასრულწლოვნები ჩვენს კლინიკაში სულ 6 დარჩნენ.
დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, 8 პაციენტი ამ ეტაპისთვის კვლევაში ჩართვას ელოდება," - თქვა სოლოღაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. მათ გარდა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანია, რომლებსაც ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ და საქართველოში სამკურნალოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება.
ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან.