უნგრეთი

ევროკავშირში კორონავირუსის გამო უნგრეთში შემოღებულ საგანგებო ზომებს აკრიტიკებენ

ვიკტორ ორბანი
EPA

ევროკავშირში კორონავირუსის კრიზისის პირობებში უნგრეთში შემოღებულ საგანგებო ზომებს აკრიტიკებენ, რომელიც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს განუსაზღვრელი დროით უპირობო მმართველობის უფლებას ანიჭებს.

ევროპის პარლამენტის ლიბერალურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საგანგებო ზომები დროში უნდა იყოს განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ევროკავშირისათვის მიუღებელია.

"ორბანმა დაასრულა მისი პროექტი, რომელიც უნგრეთში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ჩაკვლას ემსახურებოდა. ეს ქმედებები, რაც უნგრეთის მთავრობამ განახორციელა, ევროკავშირის წევრობისათვის შეუფერებელია." თქვა ევროპარლამენტის კანონის უზენაესობის ჯგუფის თავმჯდომარემ სოფი ველდმა.

"სირცხვილია, რომ კორონავირუსს ამგვარად იყენებენ." ამბობს რუმინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ამჟამად ევროკომისარი დაჩიან ჩოლოში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საგანგებო ზომები მკაცრად პროპორციული, ლიმიტირებული უნდა იყოს და განუსაზღვრელი დროით არ უნდა გრძელდებოდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ზომები არ იყოს მიღებული ფუნდამენტური ღირებულებების და პრინციპების ხარჯზე, რომლებიც ჩვენს ხელშეკრულებებში არის გაწერილი." ნათქვამია განცხადებაში, თუმცა პირდაპირ არ არის ნახსენები უნგრეთი და ორბანის მთავრობა.

ვაშინგტონში კი აშშ-ის წარმომადენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა პირდაპირ გააკრიტიკა ორბანი და თქვა, რომ ის მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ყველაზე საშინელი ჯანდაცვის კრიზისის პირობებში ძალაუფლების მოხვეჭას ცდილობს და უპირობო მმართველობის შემოღება მას დიქტატორად აქცევს.

შეშფოთება გამოხატეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა ინგიბიორგ გისლადოთირმა.

"დემოკრატიის ასეთი სერიოზული შეურაცხყოფა ყველგან მიუღებელია, განსაკუთრებით კი ნატოს მოკავშირისგან და ევროკავშირის წევრისგან." თქვა მან.

30 მარტს უნგრეთის მმართველმა პარიამ ფიდესმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისათვის უპირობო მმართველობის მინიჭებას განუსაზღვრელი ვადით.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 5-წლიანი პატიმრობით ისჯება იმ რეგულაციების დარღვევა, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერებას ემსახურება და ასევე კრიზისთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება.

ამან შეშფოთება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციასა და ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებში, ასევე ევროკავშირში, ევროპის საბჭოსა და ეუთოში. კრიტიკოსებს მთავარ პრობლემად ის მიაჩნიათ, რომ განსაზღვრული არ არის კონკრეტული ვადები, ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ადამიანის უფლებათა დაცველები კი მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები და პატიმრობა შესაძლოა ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენონ.

ორბანის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათ სჭირდებათ ძალა კორონავირუსთან გასამკლავებლად და როდესაც საჭირო იქნება პარლამენტი ამ ზომებს გააუქმებს. ორბანის პარტიას ქვეყნის პარლამენტში ადგილების 2/3 აქვს დაკავებული. ორბანი ამბობს, რომ ეპიდემია პიკს ქვეყანაში ივნისში ან ივლისში მიაღწევს. ამჟამად დადასტურებულია ვირუსით ინფიცირების 525 შემთხვევა, დაიღუპა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 40.

კომენტარები