აშშ-ერაყი

აშშ-ის არმიას ერაყში ალ-კაიმის და კიდევ ორი სამხედრო ბაზიდან ამერიკელი სამხედროები გაჰყავს

BBC

აშშ-ის არმიას ერაყში ალ-კაიმის და კიდევ ორი სამხედრო ბაზიდან ამერიკელი სამხედროები გაჰყავს. 8 ბაზიდან 3-ის დატოვების გადაწყვეტილება სამხედრო ბაზებზე თავდასხმის გამო ერაყის მთავრობასთან და ირანთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე მიიღეს.

ალ-კაიმის ბაზაზე ცერემონია მიმდინარე კვირას გაიმართება და ამერიკელი სამხედროები ტექნიკას ერაყის არმიას გადასცემენ, რათა ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათ გააგრძელონ.

სამი ბაზიდან გასვლით აშშ-ს აღარ ეყოლება სამხედროები სირიასთან ერაყის საზღვარზე.

ალ-კაიმის ბაზის და მიმდებარე ტერიტორია იყო პირველი, რაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წელს ჩაიგდო ხელში და ასევე ერთ-ერთი ბოლო ტერიტორია, რომელიც კოალიციურმა ძალებმა მას 2017 წელს წაართვეს.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების თქმით ბაზებიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას გასული წლის შემდეგ განიხილავდნენ, რადგან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მომავალი საფრთხე შემცირდა, თუმცა კოალიციის ძალების უსაფრთხოების საკითხის ეჭვქვეშ დადგომამ გადაწყვეტილება დააჩქარა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერაყის პრემიერმინისტრს მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ აშშ-ს თავს დაესხმებიან, საპასუხო ზომებს მიიღებენ.

BBC-სთან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ბაზებთან ქათა'იბ ჰეზბოლას სიახლოვე იყო.

აშშ ასევ გეგმავს დატოვოს კირკუკში მდებარე კაიარას ავიაბაზაც. სწორედ ეს ავიაბაზა გამოიყენა აშშ-მა ოპერაციებისთვის, რომლის შედეგადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო მოსულიდან გააძევეს. უკანასკნელ თვეებში თავდასხმა განხორციელდა კაიარას ავიაბაზაზეც. კირკუკში სარაკეტო თავდასხმას 28 დეკემბერს ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2019 წლის ოქტომბრის შემდეგ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე 25 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე 33 Katyusha-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. შედეგად მძიმედ დაშავდა ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და 2 ამერიკელი სამხედრო. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო.

12 მარტს ამავე ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

კომენტარები