გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ და ერაყი აშშ-ს კოალიციური ძალების ერაყიდან გაყვანის გეგმაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გამოცემას ანონიმური წყაროები ეუბნებიან.
წყაროებზე დაყრდნობით, გეგმის მიხედვით, რომელზეც მხარეებმა ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს, ასობით ამერიკელი ჯარისკაცი ერაყს 2025 წლის სექტემბრისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2026 წლის დასასრულისთვის დატოვებს.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ახლა მხოლოდ გამოცხადების საკითხია" - ეუბნება გამოცემას ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირი.
ერაყელი მაღალჩინოსნების თქმით, გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეში გამოაცხადებენ.
2014 წელს ჩამოყალიბებული კოალიციის ფარგლებში, აშშ-ს ერაყში დაახლოებით 2500, ხოლო სირიაში დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. კოალიცია ჯიჰადისტური დაჯგუფებების, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოსა (ISIL) და სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ შეიქმნა.
დაჯგუფებები თავდაპირველად ერაყისა და სირიის ტერიტორიების დაახლოებით მესამედს აკონტროლებდნენ, თუმცა 2017 წლის დასასრულს ისინი ტერიტორიულად ერაყში, ხოლო 2019 წელს სირიაშიც დამარცხდნენ. ამის შემდეგ, ერაყის პრემიერმინისტრის საგარეო საქმეთა საკითხებში მრჩევლის, ფარად ალაალდინის თქმით, ერაყმა აჩვენა, რომ მას დარჩენილ საფრთხესთან გამკლავების უნარი აქვს.
აშშ პირველად ერაყში 2003 წელს შეიჭრა. 2011 წელს ქვეყანა აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს, თუმცა 2014 წელს, კოალიციის ფარგლებში, ისევ დაბრუნდნენ.