აშშ-ერაყი

Reuters: ერაყში პროირანული ჯგუფები მზად არიან, აშშ-სთან კონფლიქტის ასარიდებლად დაიშალონ

REUTERS/Thaier Al-Sudani/File Photo

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვილი პროირანული ერაყული დაჯგუფებები მზად არიან, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებისთვის თავის ასარიდებლად იარაღი დაყარონ. 

ამის შესახებ გამოცემა 10 უფროს სარდალსა და ერაყელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს. 

როგორც Reuters-ს წყაროებმა უთხრეს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკელმა თანამდებობის პირებმა ერაყის მთავრობა გააფრთხილეს, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ დაჯგუფებებს არ დაშლიდა, მათ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს მიიტანდა. 

ერაყის სამთავრობო ალიანსთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა, იზათ ალ-შაჰბნდარმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს, მოჰამედ შია ალ-სუდანისა და რამდენიმე დაჯგუფების ლიდერებს შორის დისკუსიები "ძალიან წინ წაწეულია". მისივე თქმით, დაჯგუფებებს ესმით, რომ აშშ-მ მათზე იერიშები შეიძლება მიიტანოს და განიარაღებისაკენ და ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნის დამორჩილებისკენ იხრებიან. 

"დაჯგუფებები ჯიუტად არ იქცევიან და დაჟინებით არ ითხოვენ, რომ ახლანდელი ფორმით გააგრძელონ არსებობა". - თქვა ალ-შჰაჰბნდარმა. 

Reuters ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას, კათაიბ საიედ ალ-შუჰადას, ანსარულაჰ ალ-ავფიასა და კათაიბ ჰეზბოლას დაჯგუფებებიდან 6 მეთაურს ელაპარაკა. გამოცემის თანახმად, მეთაურებმა თქვეს, რომ მათმა მთავარმა მხარდამჭერმა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ნება დართოთ, რომ აშშ-სა და ისრაელთან შესაძლო გამანადგურებელი კონფლიქტისთვის თავის ასარიდებლად საჭიროებისამებრ ემოქმედათ.

"ტრამპი მზად არის, რომ ჩვენთან ომი უარეს დონემდე მიიყვანოს, ეს ვიცით და ამ ცუდი სცენარის თავიდან არიდება გვსურს". - თქვა კათაიბ ჰეზბოლას ერთ-ერთმა მეთაურმა. 

გამოცემის თანახმად, თანამდებობის პირებმა და მეთაურებმა თქვეს, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა თავიანთი შტაბების ევაკუაცია საჰაერო იერიშების საფრთხის გამო უკვე იანვარში დაიწყო.

ალ-სუდანის საგარეო საქმეთა მრჩევალმა, ფარჰად ალააელდინმა Reuters-ს უთხრა, რომ პრემიერს ერაყში ყველა იარაღის სახელმწიფო კონტროლისთვის დაქვემდებარება "სხვადასხვა ეროვნულ აქტორებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით" სურს. 

Reuters-თან საუბრისას ამერიკელმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს აშშ-ს ზეწოლის გამო თავდასხმები აქამდეც შეუწყვეტიათ, თუმცა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განიარაღება გრძელვადიანი იქნება. 

ერაყული დაჯგუფებები ისლამური წინააღმდეგობის ფართო ჯგუფს განეკუთვნება, რომლებმაც 2023 წელს ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ისრაელისა და აშშ-ს ძალებზე ათობით იერიშზე აიღეს პასუხისმგებლობა. გამოცემა ორ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფებების ქსელი ერთობლივად დაახლოებით 50 000 მებრძოლს მოიცავს.

კომენტარები