Coda წერილი

ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ცვლის

ავტორი: სოფიკო ვასაძე.

Პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის.

Ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • Საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს, მსოფლიოში 128 343. ისევ დაბალია რიცხვები ჩვენს მეზობელ თურქეთსა და რუსეთში, მაგრამ ჩვენი წყაროების ცნობით, ეს სავარაუდოდ იმიტომაა, რომ: ა) მთავრობები მალავენ რეალურ სტატისტიკას ბ) ტესტირება უტარდება ძალიან ცოტა ადამიანს.
  • ვირუსზე ტესტირების პრობლემაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უარს აცხადებს თვითიზოლაციზე მიუხედავად იმისა, რომ პირადად შეხვდა დაინფიცირებულს.
  • ტრამპისგან განსხვავებით კანადის პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, თვითიზოლაციაშია. მას შემდეგ, რაც რაც მის მეუღლეს, სოფი ტრუდოს, ვირუსი დაუდგინდა.
  • იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მათეო რენზის თქმით, ევროპამ არ უნდა გაიმეოროს იტალიის შეცდომები. Მაგრამ ვირუსით დაინფიცირებულთა მატების მიუხედავად, რეაგირება ნელია: საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებები დაიხურება 16 მარტიდან (თუმცა არჩევნები ჩატარდება). ბრიტანეთში, სადაც ბევრი იტალიის დონის ზრდას ვარაუდობს, სკოლები და საზღვრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
  • საქართველოში ოპოზიცია მთავრობისგან ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ სიტუაციაზე, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, მათ შორის, გადასახადების შემცირებას. შეერთებულ შტატებში, კონგრესი, ფინანსური კრახის შედეგად (ყველაზე დრამატული 1987 წლის შემდეგ), დღეს კენჭს უყრის, ვირუსით დაავადებულთა დასახმარებელი პაკეტების შექმნას. ირლანდიის მთავრობა, ყველა დაინფიცირებულს გამოუყოფს ბიუჯეტიდან 305 ევროს კვირაში.
  • დაინფიცირებულებზე პორნჰაბიც ზრუნავს: იტალიაში პრემიუმ ვიდეოებზე წვდომა უფასო გახდა.

Რა უნდა ვიცოდეთ:

  • საქართველოში ვირუსზე ტესტების ჩატარება დაიწყეს კერძო ლაბორატორიებმაც. თუ აპირებთ კერძო ლაბორატორიით სარგებლობას, გაითვალისწინეთ, რომ:
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, გამოსაკვლევ, უპირველეს, ნიმუშად ლაბორატორიამ ნაცხი აიღოს ცხვირ-ხახისა და რესპირაციული ტრაქტიდან. ლუგარის ლაბორატორია, ინფექციური საავადმყოფო და ასევე დეპარტამენტები ბათუმსა და ქუთაისში, ტესტებს ატარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით.
  • კერძო კლინიკები კი, ჯერ-ჯერობით, კვლევას ატარებენ სისხლის ანალიზით. სისხლის ანალიზით დაავადების დადგენა ასევე შესაძლებელია, მაგრამ ინფექციის განვითარებულ და დამძიმებულ ეტაპზე. სამედიცინო ენაზე მას ვირემია ჰქვია (როდესაც ვირუსი, უკვე სისხლში ცირკულირებს).
  • ინკუბაციის 14 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია სრულად იზოლაციაში ყოფნა. შესაძლებელია რომ პაციენტს, არანაირი ჩვენება არ ჰქონდეს 13 დღის განმავლობაში და გამოვლინდეს მხოლოდ მე-14 დღეს. ცამეტივე დღე შესაძლებელია ტესტი იყოს უარყოფითი.
  • პაციენტს ტესტი უტარდება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შედეგად. ტესტირების გაკეთება ნებისმიერ ლაბორატორიაში და უარყოფითი შედეგის მიღება არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან, ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში. 14 დღის განმავლობაში, უნდა დარჩეს იზოლაციაში.
  • თუ პაციენტს 14 დღის ჩათვლით არ გამუვლინდა სიმპტომები ის ჯანმრთელია.

ასევე:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თქმით, ამ ეტაპზე (მარტის მეორე კვირაში) საზოგადოებაში ფართოდ ცირკულირებს, სხვა რესპირაციული ვირუსები. დაავადებების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები ქვეყანაში გაზრდილია 3-4 პროცენტით.

  • ყველა რეკომენდაცია რაც ახალ კორონავირუსზე ვრცელდება, ვრცელდება გრიპზეც.

შეხედულებების გადაფასება

რამდენიმე დღის წინ სხვა ჟურნალისტებთან ერთად მთელი დღე ლუგარის კვლევით ცენტრში გავატარე. ლაბორატორია პროფესორმა, პაატა იმნაძემ შემოგვატარა. გზადაგზა მიყვებოდა რამდენჯერ აქვს მსგავსი ტური მოწყობილი რუსული მედიასაშუალებებისთვის და შემდეგ, ამავე ქვეყნის სახელმწიფოს მიერ მართულ მედიებში სიუჟეტებს ნახულობდა იმაზე, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ლუგარი საქართველოსა და მსოფლიოსთვის.

Პროპაგანდა, რომელიც რუსული და საქართველოში პრორუსული ვებ-საიტებსი მეშვეობით ვრცელდება, მუშაობს. NDI-იმ 2019 წლის აპრილში ჩაატარა კვლევა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, შემდეგი კითხვით: “ავრცელებს თუ არა აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ეპიდემიებს?”

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 21%-ს სჯერა, რომ ეს სიმართლეა. 38% პროცენტი უარყოფს ამ თეორიას. 40 პროცენტს კი არ აქვს პასუხი. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში დაბნეულობის დათესვა დეზინფორმაციისთვის გამარჯვებაა.

კორონავირუსმა სიტუაცია შეცვალა. ლაბორატორიიდან გამოსულმა ქართული მარშის ლიდერს, სანდროს ბრეგაძეს, დავურეკე. ის წლების განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიის წინააღდეგ ილაშქრებოდა თანამებრძოლებთან ერთად. Სულ ორი კვირის წინ წარმოუდგენელი იყო რაც მისგან მოვისმინე:

“ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორია, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ყოველთვის დიდ კითხვის ნიშნებს აჩენდა, რადგანაც გასაიდუმლოებული ობიექტი არის. ეს კითხვები ყოველთვის მქონდა და მაქვს, არის თუ არა იქ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე მუშაობა. თუმცა, ამ ეტაპზე, მისი დახურვის წინააღმდეგი ვარ, რადგან საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ვირუსთან ბრძოლაში,” მითხრა სანდრომ და საუბრის ბოლოს შემახსენა, რომ ახალი კორონავირუსი ღმერთის გამოგზავნილი განსაცდელია.

რას ვკითხულობ მე:

რამდენად დიდ შრომასაც არ უნდა ატარებდეს ლუგარის ლაბორატორია, ექიმები, ან სახელმწიფო, ალბათ, ვერაფერს გავხდებით ვერც ჩვენ და ვერც დანარჩენი მსოფლიო, თუ ყველა ჩვენ წილ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ.

ჩემი წერილის ბოლოს მინდა, ისტორიკოს იაშა მუნკის, ჟურნალ “ატლანტიკისთვის” დაწერილი სტატიიდან რამდენიმე ციტატა მოგიყვანოთ.

Სტატიაში კარგად არის ახსნილი, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვითიზოლაცია. მსოფლიოში ახალი ტერმინიც გაჩნდა: social distancing, ანუ, სოციალური დისტანცირება, რომელიც ჩვენც ძალიან გვჭირდება. მუნკის თქმით უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავის შეკავება და ამისთვის პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს. მუნკი სტატიის ბოლოს ისტორიას გვახსენებს:

1918 წელს გრიპის ეპიდემია დააწვა აშშ-ს. მოსახლეობის მოეთხედი დაიღუპა, ათობით მილიონი ადამიანი. დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე. ფილადელფიის ჯანდაცვის კომისარმა ვილმერ კრუსენმა, უფლება გასცა ჩატარებულიყო უზარმაზარი აღლუმი. რამდენიმე დღეში კი, ქალაქის მორგები გვამებით გაივსო. სეზონის ბოლოს 12 ათასი ადამიანი დაიღუპა.

სენტ-ლუისში კი, ასევე ჯანდაცვის კომისარმა, სახელად მაქს სტარკლოფმა, გადაწყვიტა, ქალაქი იზოლაციაში მოექცია. გავლენიანი ბიზნესმენების წინააღმდეგ წავიდა და დახურა სკოლები, კინოთეატრები, ბარები და სპორტული ღონისძიებები. მისი ამ არაპოპულარული ქმედების შედეგად კი მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მხოლოდ 1 700 ადამიანი გარდაიცვალა გრიპის ვირუსით.

მომდევნო დღეების, ან კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი დადგება არჩევანის წინაშე, იყოს ვილმერ კრუსენი თუ მაქს სტარკლოფი.

ჯანმრთელობას გისურვებთ,
სოფიკო.

Coda Story ამერიკული არაკომერციული მედია ორგანიზაციაა, რომელიც მულტიმედია ჟურნალისტიკის ელემენტებით ცდილობს შექმნას პროდუქტი, რომლიც ცხადყოფს თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში მიმდინარე, მნიშვნელოვან ამბებს და კრიზისებს.

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

კომენტარები