Coda წერილი

QR-დან სოციალურ რეიტინგებამდე - Coda წერილი

აპლიკაცია, რომელიც ჩვენს გადაადგილებას განსაზღვრავს, არჩევნები პანდემიისას და მსოფლიოში მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი ცრუ და ნამდვილ ამბები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო გუნდის ყურადღების ცენტრში მოხვდა და თქვენს ყურადღებასაც იმსახურებს.

ავტორი: სოფიკო ვასაძე

თბილისში, პარლამენტის წინ კვირას ისევ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც ვირუსის არ სჯერათ და ამბობენ, რომ კორონავირუსის თემა “გლობალისტების” ინტერესებს ემსახურება. მსგავსი პროტესტი, ბოლო რამდენიმე დღეში, გაიმართა ავსტრალიაში, მექსიკაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ლონდონში კვირას შეკრებილთა ვიდეო, დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ სოციალურ მედიაში “19 სექტემბრის საპროტესტო აქცია კოვიდ აფიორის წინააღმდეგ ლონდონში!!! ბრავო ~ ლონდონი!!!” - წერს ქართული აქციების - “კოვიდ აფიორა” ორგანიზატორი ნინი მუჯირი. 

ვირუსის წინააღმდეგ ქართულ სოციალური მედიაში შექმნილია რამდენიმე ჯგუფი, “კოვიდ აფიორა” და “კორონა მაფია”. აქციის ორგანიზატორებმა, კვირას გვითხრეს, რომ “სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” სურთ, აქციებს გააგრძელებენ და პერმანენტულ სახეს მისცემენ.

მაშინ, როდესაც ახალ ზელანდიაში, კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში ხმის მიცემა მობილური ტელეფონით გახდა შესაძლებელი. კარნახით ხმის მიცემა აქამდე მხოლოდ მხედველობადაქვეითებული პირებისთვის იყო შესაძლებელი,ახლა კი, 32 საკარანტინო ზონაში გადანაწილებულ დაახლოებით 5000 ადამიანს ექნება საშუალება, სასურველ კანდიდატს ტელეფონით მისცეს ხმა.

საქართველოში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ გამოუცია დადგენილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხებენ კარანტინში მყოფი პირები ხმის მიცემას. თუმცა როგორც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა მითხრა, ცესკოში შექმნილია სარეკომენდაციო ჯგუფი და მიდის ამ თემაზე მუშაობა.

“შევთანხმდით, რომ უნდა გამოვნახოთ საშუალება, რომ ადამიანებმა მისცენ ხმა, თუმცა არის რისკებიც. თუ ჩაითვალა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის და თანაც გეოგრაფიულად გაფანტული, შეიძლება იყოს პრობლემა, რომ ჩატარდეს არჩევნები ამ ადამიანებისთვის” - ამ ეტაპზე, არჩევნების სრულფასოვნად ჩატარების სურვილი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნება, შესაძლოა შეიცვალოს, მითხრა ნატროშვილმა. 

google play store-ში, აშშ-ის სანქციების შედეგად, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია აიკრძალა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსის თვითდიაგნოზირებაში უნდა დაეხმაროს. აპლიკაციები ხშირად იშლება პლატფორმიდან -  მარტში,  ჯონ ჰოპკინსის კორონავირუსის რუკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინფექციის მონიტორინგისთვის, არ იყო ხელმისაწვდომი ირანელი მოხმარებლებისთვის,  სწორედ ამერიკული სანქციების გამო.

ვინ და რატომ ებრძვის მეცნიერებას? Როგორი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე ტექნოლოგიებს? როგორ ცვლის ცრუ ინფორმაცია რეალურ სამყაროს? ეს ის თემებია, რომლებზეც Coda Story-ს ჟურნალისტთა საერთაშორისო გუნდი მუდმივად მუშაობს.

QR-დან სოციალურ რეიტინგამდე

გახსოვთ, სერიალ Black Mirror-ის სერია, რომელშიც ადამიანები მობილურის აპლიკაციით, ქულებით აფასებდნენ ერთმანეთს. ქულების სისტემა განსაზღვრავდა მათ სოციალურ სტატუსს და ამავე ქულებით წყდებოდა, იყიდდი თუ არა ბინას პრესტიჟულ უბანში ან მოხვდებოდი თუ არა ამა თუ იმ ბარში. მახსოვს, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან შორეული მომავალი მეგონა.

მართალია, 4 წლის შემდეგ, ქულებით არ ვაფასებთ ერთმანეთს, მაგრამ შორსაც არ ვართ. 

რა ხდება: ჰონგ-კონგი ახლა იწყებს მზადებას ჯანმრთელობის კოდების სისტემის დასანერგად, რომელიც თვალყურს მიადევნებს როგორც ინფიცირებულებს, ისე ჯანმრთელ ადამიანებს. სისტემა ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. 

ჰონგ-კონგის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბიურო აცხადებს, რომ ახალი სისტემა გააცოცხლებს ქალაქის ეკონომიკას და ხელს შეუწყობს საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას. მაგრამ ბევრს ეშინია რომ QR კოდები იქნება პირველი ნაბიჯი სოციალური რეიტინგისკენ. 

რეაქცია: ადგილობრივები შიშობენ, რომ მთავრობა ინფიცირების მაჩვენების შემცირებას იმიზეზებს, სინამდვილეში კი ამ სისტემით მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაკონტროლებას აპირებს.  

”ჩინეთის კომუნისტური პარტია იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სოციალური მეთვალყურეობის სისტემა ჰონგ-კონგში - ამჯერად, ანტისხეულების და ”ჯანმრთელობის კოდის” ”სახელით.” - წერს Twitter-ზე, ედი ჩუ, აქტივისტი და ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ჰონგ-კონგის მეზობელ ჩინეთში, უკვე გაზაფხულიდან, მოქალაქეებს ფერადი კოდები აქვთ მინიჭებული (ამისთვის აუცილებელია სმარტფონი გქონდეთ).

მწვანე კოდი ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილება

ყვითელი, ან წითელი ფერის შემთხევაში კი - იზოლაცია გჭირდებათ.  

ამ რეგულაციის შედეგად, სამას მილიონამდე მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სმარტფონი, არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება. WeChat-ში ადამიანები ყვებიან, რომ კოდის გარეშე დარჩენილი პირები ყოველთვის ვერ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერ შედიან სურსათის მაღაზიებსა და რესტორნებში. 

ფერადი კოდები პირველი ნაბიჯია ჩინეთში სოციალური შეფასების სისტემის შესაქმნელად - სისტემის, რომელიც ადამიანების  დიფერენციაციას ახდენს, საზოგადოებაში მათი ქცევის საფუძველზე. 

ქალაქ სუჟოუში, ხელისუფლებამ დამატებითი ფუნქციის ჩართვა სცადა, სახელწოდებით “სამოქალაქო პასუხისმგებლობის კოდი,” ის აფასებს არა მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ მის სოციალურ პასუხისმგებლობას. მაგალითად, ქულები აკლდებათ მათ, ვინც მანქანას უყურადღებოდ მართავს, მოხალისეობრივი სამუშაოები კი პირიქით, დამატებით ქულების მომტანია,  ”ახლა ისინი მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებენ თქვენს ნაკლოვანებებს და მანიპულირებენ თქვენი ქცეევით ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ”, - წერს Weibo–ს მომხმარებელი. 

კრიტიკის შემდეგ, გასულ კვირას ქალაქმა შეწყვიტა სისტემის ტესტირება ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ სქემის დასრულებისთვის შემდგომი სამუშაოებია საჭირო. 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან, ჯერჯერობით მსგავსი აპლიკაციებზე საუბარი არც არის, მაგრამ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადება კრიტიკის ობიექტი გახდა: დისკრიმინაციულ კარანტინთან დაკავშირებით მინისტრმა თქვა,  რომ უცხოეთიდან შემოსული ტურისტების მონიტორინგი უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების. 

ჩვენ, Coda Story-ში ხშირად ვწერთ რუსეთზე - როგორც რუსული რბილი ძალის გავლენებზე, ასევე ფიზიკურ ჩარევებზე მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში. ბოლო დროის ყველაზე ნათელი და მკაფიო მაგალითი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებია.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები ჯერაც არ დასრულებულა. არჩევნების გაყალბებით აღშფოთებულ მოქალაქეებს შეუერთდნენ მედიის წარმომადგენლები და ათობით ჟურნალისტმა დატოვა სახელისუფლებო არხები. 

Coda Story-ს რუსულენოვანმა რედაქციამ სწორედ ისინი შეკრიბა (ონლაინ) და გამართა დისკუსია იმაზე, თუ როგორ იქცევიან მედიის წარმომადგენლები მუდმივი ზეწოლის, დეზინფორმაციისა და პანდემიის პირობებში. 

ან მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინტერნეტი გამორთულია. 

უწყვეტ ინტერნეტს  და ჯანმრთელობას გისურვებთ.

კომენტარები