Coda წერილი

CODA წერილი: მაიკ პომპეო საქართველოში და რეგიონის ამბები

ავტორი - სოფიკო ვასაძე. 

დღეს თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის. რა უნდა პომპეოს საქართვლოში და იქნება თუ არა ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი ქვეყნისთვის ცვლილებების მომტანი? დღევანდელ წერილში გთავაზობთ ინტერვიუს, მეთიუ ბრაიზასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანთან და "ატლანტიკური საბჭოს" უფროს მკვლევართან. 

სახელმწიფო მდივანს, საქართველოში, ისეთივე მდგომარეობა ხვდება, საიდანაც გამოქცევას თავად ცდილობს: დავა არჩევნებზე და ინფექციის მზარდი რიცხვები.  

ის საქართველოს გარდა, საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, კატარსა და საუდის არაბეთს მოივლის. 

მეთიუ ბრაიზას თქმით, საქართველო პომპეოს ტურნეს ლოგიკაში არ ჯდება. 

"დაძაბულობაა თურქეთსა და კატარს შორის, და მეორეს მხარეს საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის. ლიბიაშიც, სადაც ვიცით რომ საფრანგეთი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთად არიან თურქეთის წინააღმდეგ. ასე რომ, იმ ქვეყნებში წასვლა აზრიანია, თუკი შეეცდები ლოგიკა იპოვო, მაგრამ საქართველო?" 

არჩევნების შემდეგ მაიკ პომპეომ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის ნარიტივი. Მან ბაიდენის გამარჯვება არ აღიარა, თქვა რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ერთადერთი რასაც ელოდება, ეს არის "გადასვლა ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე".  

"არავინ მოუსმენს მას, დემოკრატიაზე და არჩევნებზე, იმის გათვალისწინებით, რაც მან გასულ კვირას თქვა შეერთებული შტატების არჩევნებზე". - მითხრა ბრაიზამ. 

მაგრამ საქართველოში, მიუხედავად ამისა, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია ეცდება პომპეოს ვიზიტის გამოყენებას. 

საქართველოსთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ის იმითაც გამოირჩეოდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ტრადიციულად მთავარი არბიტრის როლს ასრულებს ხოლმე, მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ამჯერად ჩვენთვის ნაკლებად ეცალა - დაგვჩრდილა გლობალურმა პანდემიამ და შეერთებული შტატების არჩევნებმა. 

ამერიკაში არჩევნების შედეგების უარყოფა, მაიკ პომპეოს, ჩვენს არჩევნებში შეთანხმებულ თანამოსაუბრედ ხდის. პირველად საქართველოს ისტორიაში, ამერიკელი დიპლომატის გზავნილი შეიძლება არასახარბიელო იყოს, არა მარტო რომელიმე მხარისთვის, არამედ საქართველოს ისედაც მყიფე დემოკრატიისთვის.  

ამ დრომდე, სახელმწიფო მდივნის განრიგში ოპოზიციასთან შეხვედრა არ იგეგმება. რაც ბრაიზას თქმით, დემოკრატიის უპატივცემულობაა. 

"ეს მარტივი მაგალითია, იმისა რაც ხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციაში, ისინი არ უსმენენ ექსპერტებს და არ აინტერესებთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანების აზრი." 

"მას (პომპეოს) არ ესმის ქართველების მგრძნობელობა ამ საკითხზე. ალბათ თქვა, კარგი მე წავალ საქართველოში, ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის, მაგრამ დრო არ მაქვს ოპოზიციასთან შესახვედრად. დარწმუნებული ვარ არ მოუსმინა პროფესიონალებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ასე არ შეიძლება მოქცევა, ან, იქნებ სულაც არ სურს ხაზი გაუსვას დემოკრატიის მნიშვნელობას, რადგან ეს ზიანს მიაყენებს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, იმავეს აკეთებს შეერთებულ შტატებში". - მითხრა ბრაიზამ. 

ვისი სჯერა და რატომ ჩამოდის პომპეო საქართველოში, ამაზე ზუსტი პასუხი, ჯერჯერობით, მაინც არ გვაქვს. თუმცა, რეგიონზე საერთაშორისო დუმილის, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზის კონტექტსში, მაინც დიდ გავლენას მოახდენს, და თუ ვისთვის?! თითქმის აშკარაა. 

ვინ იგებს რეგიონში: 

თუ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება, ამ პოლიტიკურ კრიზისში, მისი ვიზიტით მთავრობა იხეირებს - ეს იქნება არჩევნების ლეგიტიმაცია. 

მაგრამ შეუძლებელია, პომპეოს ჩამოსვლა რეგიონალური კონტექსტის მიღმა განვიხილოთ. 

სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზა, გეოპოლიტიკაში დიდი როლს თამაშობს. გასულ კვირას კი, ყარაბაღის ომის დასრულების შედეგად, სწორედ ამ გზამ, რუკაზე კონტურები შეიცვალა. 

როცა საქართველოსთვის და რეგიონისთვის ეს კონფლიქტი, წლებია უაღრესად მნიშვნელოვანია, დანარჩენ მსოფლიოს ის ამჯერად გამორჩა, არც ამერიკას ეცალა მისთვის. სწორედ ამ დროს, რუსეთმა და თურქეთმა ძალები გადაინაწილეს. 

ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ანკარა მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა აზერბაიჯანს, მოსკოვმა კი, მარტივად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანს მისცა საშუალება, გაენადგურებინა მისის მრავალი წლის ერთგული მოკავშირე სომხეთი.  

შედეგად, სომხები, კოლექტიურ დეპრესიაში არიან და მასიურ პოლიტიკურ კრიზისში იძირებიან, რომლის გადალახვასაც წლები დასჭირდება. ომში აზერბაიჯანი ცალსახად მოგებული მხარეა, მაგრამ, მთავარი კითხვა მაინც იმაშია, ვინ იქნება ამ გარიგების მთავარი გეოპოლიტიკური გამარჯვებული: 

რუსეთი, რომელიც ახლა კონტროლს ორივე ქვეყანაზე ამყარებს, თუ თურქეთი რომელიც რეგიონში ნამდვილი მოთამაშე გახდა? ბრაიზას თქმით ორივე. 

"ეს არის უდიდესი დიპლომატიური და სამხედრო გამარჯვება აზერბაიჯანის ისტორიაში და ალბათ, ოსმალეთის იმპერიიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი სტრატეგიული ზარალი სომხეთისთვის. ასე რომ, სომხეთმა წააგო. რუსეთმა მოიგო. თურქეთმაც მოიგო. თურქეთმა მოიგო, რადგან აზერბაიჯანმა მოიგო. ვუსურვებდი, რომ ჩვენთან შეერთებულ შტატებში, ესმოდეთ ამ უდიდესი სამშვიდობო გამარჯვების მნიშვნელობაც" - მითხრა ბრაიზამ.  

"მაშინ, როდესაც კონფლიქტის, პირველი შეტაკებები მოხდა, მაშინვე ცხადი იყო, არც აშშ, არც ევროკავშირი, არა საფრანგეთი, არავინ არ მიიღებდა მონაწილეობას. დარჩნენ რუსეთი და თურქეთი, აქტიურ მოთამაშეებად." 

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, კი ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი კონფლიქტია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, მეთიუ ბრაიზა კი ამაში, არა ტრამპის, არამედ მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებს.   

"ეს მოხდა იმიტომ რომ პრეზიდენტ ობამას მიერ შემუშავებულ საგარეო პოლიტიკაში ნატოს არ აქვს სტრატეგიული  გეგმა სამხრეთ კავკასიის შესახებ." 

მაგრამ, თურქი მშვიდობისმყოფელების ყოფნა რეგიონში რუსებთან ერთად, მაინც მნიშვნელოვანია, ნატოსთვის და რეგიონისთვის, მითხრა ბრაიზამ.  

დაკარგავს თუ არა საქართველო, მთავარი სატრანზიტო გზის ფუნქციას? 

სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზა, წლებია ვაშინგტონისა მოსკოვისთვის მნიშვნელოვან საკითხია.  

გასულ კვირას კი, ყარაბაღის ომის დასრულების შედეგად, სწორედ ამ სატრანზიტო გზამ, რუკაზე კონტურები შეიცვალა.  მეთიუ ბრაიზას თქმით, შორეულ პერსპექტივაში, ომის დასრულება, ამ ფორმითაც მომგებიანია რეგიონისთვის. საბოლოო ჯამში, მშვიდობა ქვეყნებს, მხოლოდ ეკონომიკურ სიძლიერეს მოუტანს. რაც შეეხება საქართველოს: 

"ის ჯერჯერობით, მაინც დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სატრანზიტო ქვეყანად. მილსადენები რჩება საქართველოში, ისევე როგორც რკინიგზა. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს პერიოდი და შანსი. ახალ დერეფნების შექმნას, რომელსაც საერთაშორისო ნდობა ექნება, დიდი დრო დასჭირდება."

კომენტარები