საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: რადგან დათო საგანელიძე ლევან გაჩეჩილაძეს იცნობს, პროექტი არ უნდა შემდგარიყო?

ტაბულა

საპარტნიორო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე, ფონდის მიერ ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეის 7 მილიონი ლარით დაფინანსების საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, რადგან ის გაჩეჩილაძეს იცნობს, არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი არ უნდა შემდგარიყო.

"ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ყველა პროექტში რაღაცა ის ნახონ, მე ამისი არ შემეშინდება. ის, რომ დათო საგანელიძე თურმე იცნობდა ლევან გაჩეჩილაძეს, იმიტომ რომ ერთ პარტიაში იყვნენ, ამიტომ ეს პროექტი არ უნდა შემდგარიყო?", - თქვა დავით საგანელიძემ.

თავისუფლების მონიტორის გამოძიების ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს. 

საპარტნიორო ფონდმა კომპანია "გლობალ ბრენდი" 2017 წლის 6 მარტს დააარსა. 

კომპანიის მიზანი ღვინის ახალი ბრენდის წარმოება და მისი აშშ-ში რეალიზაციაა. სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან მილიონი ლარი "საქართველოს კულტურისა და ხალხის არსში ჩასაწვდომად" დაიხარჯა. ასევე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა ბოთლის დიზაინსა და ბაზრის კვლევისთვის. 

აშშ-ის ბაზრის ათვისება კომპანიას ორი წლის წინ უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.

კომენტარები