დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ზოიძე C ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებზე: პიონერული პროგრამაა, შეცდომები იქნება

აიპრესი

"როცა პროგრამას პირველად აკეთებ, შეცდომები აუცილებლად იქნება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ 560 მილიონი ლარის ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა საქართველოში და ჩვენ ის გადავჭერით. ახლა ამ საქმის პოლიტიზირება და ძალიან დილეტანტური, არაკომპეტენტური განცხადებები, რომ თურმე ამ ნახევარ მილიარდად რამე ხიდებს ავაშენებდით. როცა პროგრამას პირველად აკეთებ, შეცდომები აუცილებლად იქნება. შეცდომები იყო, არის და, ალბათ, მომავალშიც იქნება, რადგან პიონერული პროგრამაა, პირველად ვაკეთებთ ერთად მთელი მსოფლიო",-თქვა ზოიძემ რუსთავი ორთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი გამოქვეყნა, სადაც ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის მიმდინარეობა და ხარვეზები არის განხილული. 

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები და უმჯობესია ის მორჩეს, ვიდრე დააკლდეთ.

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის შემდეგ დრამატულად შემცირდა. 

საქართველო ცე ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

კომენტარები