თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

უკრაინის საგარეო უწყება: ავიაკატასტროფაში სარაკეტო იერიშის ვერსია ამ ეტაპზე გამოირიცხა

UNIAN

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის საგარაეო საქმეთა სამინისტრო თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა და ტერაქტისა და სარაკეტო იერიშის ვერსიები ამ ეტაპზე გამორიცხა. თუმცა, ქვეყნის საგარეო უწყებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

სამინისტრომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე განაცხადა, რომ ამ ფრენისთვის ბილეთი 168 ადამიანს ჰქონდა შეძენილი. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის მოკვლევა, მათგან რამდენმა გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია. ასევე მიმდინარეობს დაღუპული უკრაინელების იდენტიფიცირება. 

დადასტურებულია, რომ ეკიპაჟის ცხრავე წევრი უკრაინის მოქალაქე იყო. 

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია - მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი 176-დან 180-მდე მერყეობს. 

უკრაინულმა გამოცემამ OBOZREVATEL წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11-დან 15-მდე უკრაინის მოქალაქე და 71 ირანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მათ გარდა, ბორტზე კანადის - 73, გერმანიის - 4, დიდი ბრიტანეთის - 3, შვედეთის - 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი 8 იანვრის დილას ირანის დროით 04:30 საათზე, უკრაინის დროით კი 6:00 საათზე ჩამოვარდა. 

კომენტარები