სახელმწიფო ბიუჯეტი

საპენსიო ფონდის ფუნქცნიონირებაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯა, სარგებელი 16 მილიონი ლარია

2018 წლის აგვისტოში შექმნილ საპენსიო ფონდში მობილიზებულ თანხებზე დარიცხული სარგებელი 16 მილიონ ლარს აღემატება. ამავე პერიოდში ფონდის ფუნქციონირებაზე ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

მიმდინარე წლის 24 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული თანხა 491 მილიონ ლარს აღემატება. რაც შეეხება ამ თანხაზე დარიცხულ სარგებელს, ტაბულას ფონდის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ნამატი 16,186 ლარს შეადგენს.

ამავდროულად, საინტერესოა რა თანხა დაიხარჯა სააგენტოს ფუნქციონირებაზე არსებობის პერიოდში. 2018 წელს სააგენტოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 377 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო წელს 3,8 მილიონი ლარი. ორგანიზაცია ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, ამ თანხიდან 2 მილიონი ლარი ფონდის 58 თანამშრომლის ხელფასზე მოდის. 

ყველაზე მაღალი ანაზღაურება ფონდში აწ უკვე გადამდგარ დირექტორს ლევან სურგულაძეს ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ფონდის დირექტორის ანაზღაურება 10-15 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. გამოდის, რომ პოსტზე მუშაობის პერიოდში სურგულაძის ჯამურმა ანაზღაურებამ დაახლოებით 215-225 ათასი ლარი შეადგინა. 

საპენსიო სააგენტომ თანხების მობილიზება საინვესტიციო საბჭოს არარსებობის პირობებში დაიწყო. ასევე, იმ დროისთვის არ არსებობდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. ფონდის დაარსებიდან ერთ წელზე მეტია გასულია და დღემდე არც საბჭოა დაკომპლექტებული სრულად და არც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. 

ფონდის დირექტორმა თანამდებობა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დატოვა. 

კომენტარები