აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში დებენ ბრალს. პირველი ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტს მხარი 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 197. მეორე ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტის მომხრე იყო 229 კონგრესმენი, წინააღმდეგი 198.
იმპიჩმენტის მხარდამჭერებს შორის იყო თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ხოლო რესპუბლიკელემბა მას მხარი არ დაუჭირეს.
ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტი გახდა, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს და ბილ კლინტონს, თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა.
ტრამპის იმპიჩმენტის და შესაბამისად თანამდებობაზე დარჩენის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო. სენატში, წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით, უმრავლესობა კვლავ რესპუბლიკელებს აქვს და მოსალოდნელია, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატში გასამართ სასამართლოზე ის გამართლდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.
მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.
საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები.
კონგრესში მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენს, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.
ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.