საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაცხადა საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდებები.

აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

ბრალდების პუნქტებს მიმდინარე კვირას კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში, დამტკიცების შემთხვევაში კი წარმომადგენელთა პალატა სრული შემადგენლობით უყრის მას კენჭს.

წარმომადგენელთა პალატაში გასვლის შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი სენატში გადაინაცვლებს, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება. წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით სენატში უმრავლესობას კვლავს რესპუბლიკური პარტია ფლობს. პარტიის წევრთა უმეტესობა საიმპიჩმენტო პროცესისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპს სასამართლო პროცესის გამართვა სურს და ირწმუნება, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, საიმპიჩმენტო გამოძიებას კი სიგიჟეს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები.

კონგრესში მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენს, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები