აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კონგრესში მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა. ტრამპს სპეციალური ჩანაწერები ჰქონდა გამზადებული საიდანაც ევროკავშირში აშშ-ის ელჩის მიერ ტრამპის სატელეფონო საუბრიდან მოყვანილი ციტატები ამოიკითხა:
"არაფერი მსურს, არაფერი მსურს, არავითარი Quid Pro Quo (რაიმე რაიმეს სანაცვლოდ), უთხარით ზელენსკის ისე მოიქცეს, როგორც მართებულია"
"ეს არის საბოლოო სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტისაგან." ეწერა ფურცელზე.
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი კონგრესის საიმპიჩმენტო გამოძიების კომიტეტის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ ის ჯო ბაიდენზე ინფორმაციის მოსაპოვებლად უკრაინაზე ზეწოლას ტრამპის ბრძანების საფუძველზე ახორციელებდა.
მან თქვა, რომ ინსტრუქციები ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანისაგან მოდიოდა, რომელსაც სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანია ბურისმას წინააღმდეგ, სადაც ბაიდენის შვილი მუშაობდა, კორუფციის გამოძიებაზე საჯარო განცხადება გაეკეთებინა.
სონდლენდის თქმით ჯულიანისთან ტრამპის დავალებით თანამშრომლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სურდა.
მან დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრის პირობად გამოძიების დაწყება სურდა.
თუმცა, სონდლენდი ამბობს, რომ უშუალოდ პრეზიდენტისაგან გამოძიების სანაცვლოდ სამხედრო დახმარების მიწოდებაზე არ სმენია.
სონდლენდმა ასევე თქვა, რომ ამ თემებზე სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების და თეთრი სახლის ლიდერებთან უსაუბრია, მათ შორის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, ეროვნული უშიშროების ყოფილ მრჩეველ ჯონ ბოლტონთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.