საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

"ჯადოქართა სამსჯავრო უფრო სამართლიანი იყო" - ტრამპმა პელოსის იმპიჩმენტზე წერილი მისწერა

დონალდ ტრამპი / ნენსი პელოსი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერს ნენსი პელოსის საიმპიჩმენტო გამოძიების საკითხზე წერილი მიწერა და ამერიკული დემოკრატიის წინააღმდეგ ომის წარმოებაში დაადანაშაულა.

წერილში ტრამპი წერს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და რომ პროცესი სამართლიანად არ მიმდინარეობს.

"უფრო სამართლიანი პროცესი იყო სალემის ჯადოქართა სამსჯავროზე. წარმომადგენელთა პალატამ ძალიან მახინჯ სიტყვას, იმპიჩმენტს, მნიშვნელობა დაუკარგა." წერს ტრამპი.

წერილს ქალაქ სალემის მერი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ტრამპმა ისტორია უნდა ისწავლოს, რადგან მეჩვიდმეტე საუკუნეში "ჯადოქრების" გასამართლება სამხილების გარეშე ხდებოდა, ხოლო იმპიჩმენტის პროცესში საკმარისი მტკიცებულებებია.

ნენსი პელოსიმ თქვა, რომ 6-გვერდიანი წერილი ბოლომდე არ წაუკითხავს, თუმცა მას "ავადმყოფური" უწოდა.

წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის საკითხს კენჭს დღეს უყრის. მოსალოდნელია, რომ საკითხი საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რადგან კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ფლობს. ამის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხი სენატში გადაინაცვლებს, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება. იმპიჩმენტისათვის ხმათა 2/3 არის საჭირო. სენატში უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს. პარტიაში იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები.

კონგრესში მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენს, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები