საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

ტრამპი და მისი ადვოკატები საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოსმენებს არ დაესწრებიან

დონალდ ტრამპი
Time

თეთრი სახლი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატები საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიმდინარე მოსმენებს არ დაესწრებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ პროცესი სამართლიანი არ არის.

მოწმეების გამოკითხვის პროცესის შემდეგ ეტაპზე ექსპერტებს მოუსმენენ რათა დაადგინონ არის თუ არა პრეზიდენტის მხრიდან კანონის დარღვევის ნიშნები. ამის შემდეგ, შესაძლოა, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩაატაროს.

გამოძიების დაწყებაზე პირველი კენჭისყრის შედეგად პროცესი საზოგადოებისათვის ღია გახდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

კონგრესში უკვე მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენს, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები