ლგბტქ უფლებები

პირი, რომელიც ლგბტ ადამიანს ორიენტაციაზე ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა, დამნაშვედ ცნეს

agora.ge

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, ადამიანს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2 წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მიმართა და ამბობდა, რომ მას ი.ნ. სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდა.

"დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ბრალდებული მისგან 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა. როგორც დაზარალებულმა "თანასწორობის მოძრაობის" იურისტებს განუმარტა, აღნიშნულმა პიროვნებამ თანხის ნაწილი – 500 ლარი გამოსძალა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციას მიმართეს, გამოძიება დაიწყო, აღნიშნული პირი დააკავეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 6000 ლარის ოდენობით, ხოლო დაზარალებულ თემის წევრს აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი – 500 ლარი.

რაც შეეხება საბოლოო სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

კომენტარები