ლგბტქ უფლებები

თანასწორობის მოძრაობა: გეი ბიჭზე სიძულვილის მოტივით იძალადეს, სასამართლომ ბიჭი დააჯარიმა

agora.ge

გამოძიებამ და სასამართლომ სიძულვილის მოტივი ვერ დაინახეს საქმეში, სადაც გეი ბიჭს "პიდარასტი" უწოდეს, ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაესხნენ თავს.

ინფორმაციას ამის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ბიჭის უფლებებს იცავს.

ორგანიზაციის ცნობითვე, საქმეში დამნაშავედ ცნეს მსხვერპლიც. მას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, მოძალადეს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

თანასწორობის მოძრაობაში ამბობენ, რომ მათ თემის წევრმა, გ.ზ.-მ 2019 წლის იანვარში მიმართა და აცხადებდა, მასზე ფიზიკურად იძალადეს იმ დროს, როცა ველოსიპედით თბილისის ზღვის მმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა.

"გ.ზ-ს განცხადებით, მოძრაობისას მხარზე მოხვდა უცხო მანქანიდან ნასროლი სიგარეტის კოლოფი. გ.ზ-მ უცნობ მამაკაცს მიუთითა, რომ ქუჩაში ნაგავი არ დაეყარა, რა დროსაც აღნიშნული მამაკაცი გახდა აგრესიული. მისი ყურადღება მიიქცია გ.ზ.-ს საყურემ. სიტყვიერი დაპირისპირებისას მამაკაცმა გ.ზ-ს მიმართა შემდეგი სიტყვებით: "შენნაირმა პიდარასტმა როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა".

მამაკაცი თანდათან აგრესიული ხდებოდა და მის დამშვიდებას გარშემომყოფები ვერ უზრუნველყოფდნენ, ცდილობდა დაერტყა გ.ზ.-სთვის, თუმცა გ.ზ.-მ თავდაპირველად მოახერხა მისი მოგერიება დარტყმით, ხოლო შემდეგ აღნიშნული მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ძალადობის მუხლით გამოძიება წარიმართა ორივე ადამიანის - როგორც მოძალადის, ისე ლგბტ თემის წევრის მიმართ.

"თანასწორობის მოძრაობის იურისტები სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდნენ, რომ გ.ზ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამიტომ დაარტყა თავდამსხმელს, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს.

იურისტები აყენებდნენ შუამდგომლობას, მოძალადის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილიყო სიძულვილის მოტივი გ.ზ.-ს მიმართ, თუმცა აღნიშნული მოტივი არ გამოიკვეთა, არც გამოძიებისა და ბრალის წარდგენის ეტაპზე და არც სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ლგბტ თემის წევრი გ.ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხოლო თავდამსხმელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა.

თანასწორობის მოძრაობაში ამბობენ, რომ გ.ზ.-ს გამამტყუნებელ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

კომენტარები