ე.წ გერმანული მოდელი

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი: ოპოზიციის კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილია

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ ე.წ გერმანულ მოდელზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე კი, მსგავსი არაფერი დაუწერია. "დაწერეს, რომ მზად არის განხილვისთვის, ანუ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, მათი შეხედულებით." 

"იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციაა, ყველა კანონპროექტთან მიმართებაში, თუ იქ აშკარაა ან მეტ-ნაკლებად აშკარაა მაინც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ისინი წერენ დასკვნას და წარუდგენენ ბიუროს, რომ არის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან და არ შეიძლება ამის განხილვა. ეს გაუკეთებიათ მაშინაც კი, როცა ჩვენ ამას არ ვეთანხმებოდით, ძალიან ფართო ინტერპრეტაციას აკეთებენ ხოლმე, თუ პატარა ეჭვი მაინც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ და პირდაპირ წერენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია უმრავლესობის წევრების კომენტარებს იხსენებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კანონპროექტი იმდენად შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, რომ მისი განხილვაც კი სირცხვილია.

"ახლა კობახიძეს რომ კითხოს ვინმემ, მისი იურიდიული დეპარტამენტი მიაჩნია სამარცხვინოდ? რადგან ის ამბობდა, რომ კითხვის დასმაც კი სირცხვილიაო. ეს აჩვენებს როგორი მოგონილია ეს არგუმენტი ივანიშვილის კლოუნების მიერ და როგორ არიან ისინი დღემდე პასუხიმგებლები იმაზე რომ პოლიტიკური მდგომარეობა არის დაძაბული იმიტომ რომ ხელისფულება არ ეგუება მათ უტიფარ დამოკიდებულებას," - ამბობს ბოკერია. 

იურიდიული დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში წერია: "დეპარტამენტმა განიხილა ცვლილებები და მიზანშეწონილად მიაჩნია კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება."

ოპოზიციურმა გაერთიანებამ მათ მიერ შემუშავებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტის ODIHR-სა და ვენეციის კომისიაში გაგზავნას. ასევე ამბობდნენ, რომ თემა დახურია და ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი განხილვას არ ექვემდებარება. 

თუმცა შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, რომელსაც დიპლომატებიც ესწრებოდნენ. გუშინ გამართული მეორე რაუნდის შემდეგ, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. სწორედ ამ საკითხს განიხილავენ შემდეგ შეხვედრაზე პოზიცია და ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები