ე.წ გერმანული მოდელი

კახიძე: ეუთო-ოდირი მიუთითებს ხოლმე, როდესაც კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ოდირის მანდატში არ შედის კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენა, როდესაც კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას ამის შესახებ დასკვნაში მითითებულია ხოლმე. 

ამის მაგალითად კახიძეს მოლდოვას შემთხვევა მოჰყავს, სადაც გამოქვეყნებულ დასკვნაში ეუთო-ოდირი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურობის შემოწმება სცდება მათ მანდატს, ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. 

"როდესაც გაგზავნილ პროექტს კონსტიტუციასთან რაიმე პრობლემა აქვს, ეუთო-ოდირი მიუთითებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატში მართლაც არ ჯდება კონსტიტუციურობის შეფასება. ასე გააკეთეს, მაგალითად, მოლდოვას შემთხვევაში,"- ამბობს კახიძე. 

ამით ევროპული საქართველოს დეპუტატი ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის, არგუმენტს პასუხობს, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "არაკომპეტენტურობა" გამოიჩინა, როდესაც ოდირს სთხოვა კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება და ოდირმა მიუთითა, რომ ეს მათ პრეროგატივაში არ ჯდება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ წერია ეუთო-ოდირის დასკვნაში ცალსახად, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ოთო კახიძე იმეორებს, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენცია მთლიანობაში კონსტიტუციურობის დადგენა არაა. 

"როდესაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ წერენ და როცა არ არის წინააღმდეგობა, მაშინ არ წერენ. ჩვენს შემთხვევაში, ნათლად წერენ, რომ ამ ცვლილებას ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

ამასთან, კახიძის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ისიც არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის მათ მიერ შემუშავებული, ლეგიტიმურია. 

"თუ ქართულ ოცნებას არ სურს ამ არგუმენტების მიღება, მათგან არ მიკვირს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც არის ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ეუთო-ოდირის დასკვნა იქნება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდეს,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

2019 წლის ოქტომბერში მოლდოვას უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის მიზნით შემუშავებული კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში, ეუთო-ოდირი წერს

"მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული გადაფასების სქემის კონსტიტუციურობის დადგენა სცდება დასკვნის მიზნებს, აღნიშვნის ღირსია, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".

ეს სწორედ ისაა, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ე.წ გერმანული მოდელის მისაღებად საჭიროა არა საკონსტიტუციო შესწორება, არამედ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. 

საარჩევნო რეფორმაზე ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით დეკემბერში გაუგზავნა.

საქართველოში ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა ავტორიტეტული კონსტიტუციონალისტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციას სრულად შეესაბამება. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას გულისხმობდა. 

კომენტარები