საპროტესტო აქცია რუსთაველზე

მარგველაშვილი: არ გინდათ ენმ? მოდით აქციაზე, პროტესტი პროპორციული არჩევნებისთვისაა

მთავარი არხი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, "დღეს დემონსტრაციაზე დგას ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააზრებული აქვს, რომ ტყუილსა და შეურაცხყოფაში ცხოვრება ქართველი ხალხისთვის მიუღებელია".

მისივე თქმით, პრინციპულად ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ხალხი აქციებზე ქართული ოცნების დასამარცხებლად ან ენმ-ის გასამარჯვებლად დადის. 

"შეუძლებელია, გააგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, როცა ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად უარი უთხრა ქართულ საზოგადოებას იმ ძირითად ღირებულებაზე, რაც გულისხმობს თავისუფალ არჩევნებს, არჩევნებს, რომელიც მოიტანს პროპორციულ შედეგს საქართველოს პარლამენტში.

აქ დგას საზოგადოება, ვისაც უნდა ხვალინდელი, მომავალი, უფრო პროგრესული დღე ქართული პოლიტიკს. არ შეიძლება, პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდეს შეთითხნილი, გამოყვანილი საარჩევნო შედეგებით. თი ვინმეს ჰგონია, რომ აქ ვინმე დგას ოპოზიციისთვის ან ქართული ოცნების დამარცხებისთვის ან ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისთვის, არის პრინციპულად შემცდარი.

თუ გინდათ, რომ არ მოვიდეს ნაციონალური მოძრაობა, მოდით და დადექით აქ. იმიტომ პროპორციული არჩევნები მოიტანს იმას, რომ ყველას ექნება თავისი წილი და არ მოხდება ერთი ხელისუფლების მიერ მეორესთვის ყველაფრის 100%-ით გადაბარება", - თქვა მარგველაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ. 

მოგვიანებით შეკრებილები პარლამენტის პიკეტირებას - შესასვლელების ბლოკირებას შეეცდებიან.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

კომენტარები