საპროტესტო აქცია რუსთაველზე

ბერძენიშვილი: ჩვენ უმცირესობების ქვეყანა, ევროპული ერი ვართ, არ გვეშინია ტაბუების

ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობების ქვეყანაა, ევროპული ერი, რომელსაც ტაბუების არ ეშინია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული სისტემის ჩაგდებით და ტყუილით "ქართველ ერს აკდრა ისეთი უკადრებელი, რაც არც ერთ მის წინამორბედს არ უკადრებია".

"ისეთი უკადრებელი აკადრა ქართველ ერს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ მას ამას არ ვაპატიებთ. სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის მან გულანთებული ქართველები, ქართველები პოლიტპატიმრებად აქცია. თავისუფლება ბესიკ თამლიანს, თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში პოლიტპატიმრები გვყავს. სირცხვილია, ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ეს მაინც დავიმსახურეთ და მოვიპოვეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში პატიმრები და ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს.

არა მხოლოდ 20 ივნისს აკადრა მან უკადრებელი ქართველ ერს, კიდევ უარესი ჩაიდინა მან. არავის, არც ერთ მის წინამორბედს არ გასვლია ამდენი, არ უკადრებია, რაც აქ, ამ დარბაზში შეპირებული პროპორციული სისტემა უკან წაიღო. ფლიდი ივანიშვილი, ფლიდი ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ.

ორი ათეული წლის განმავლობაში მომიწია საუბარი იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს შევარდნაძის გარეშე, აბაშიძის გარეშე. ახლა საქართველო უნდა იყოს და იქნება ივანიშვილის გარეშეც.

"გადამგდები გადავაგდოთ". როგორ უნდა გადავაგდოთ? როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩევნებით. ეს არის გზა.

როგორია პროპორციული არჩევნები - ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენ მას შევთავაზეთ. ჩვენ, მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებული ვართ, რომ არჩევნები უნდა იყოს ვადამდელი, პროპორციული და არჩევნები უნდა ჩაატაროს მტავრობის მოვალეობის შემსრულებლებმა.

ეს მთავრობა უნდა გადადგეს.

მთავრობის გადადგომას სჭირდება ფორმალურად 76 ხმა პარლამენტში. ბევრი კი არ აკლია უკვე ოპოზიციას. ნელ-ნელა იფხრიწება ქართული ოცნება. წინა არჩევნებით, 48%-ით, ნახევარზე ნაკლებით, 3/4 მიიღო, 73 ადგილი ეკუთვნოდა და 117 მიიღო. 92-ზე ჩამოვიდა და 76-მდეც ჩამოვა.

ბიძინა ივანიშვილის უვარგისი, უსახური ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოს არ ჰყოლია ასეთი მდარე ხელისუფლება. ჩვენ არ დაგვიმსახურებია ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მე-8 წელს ამ ფორმით. ყველა ჩვენგანს, ვინც ამ ტრიბუნაზე დგას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ჩემი ჩათვლით.

პოლიტიკა კომპრომისებია, პოლიტიკა ხანდახან შეცდომებიც არის. უშეცდომო არავინ არა ვართ, მაგრამ ვცნობთ ერთმანეთის უფლებას განსხვავებულ წარსულზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის მიზანი წინ თავისუფლებისკენ.

წინ თავისუფალი საქართველოსკენ, წინ დამოუკიდებლობისკენ, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ. ჩვენ ყველასი ვართ. ჩვენ ვართ რელიგიური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ ეთნიკური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ყველასი ვართ, ჩვენ ევროპული ერი ვართ, ჩვენ არ გვეშინია ტაბუების", - თქვა დავით ბერძენიშვილმა გამოსვლისას.

_______________________________________________________________________

17 ნოემბერს, პარლამენტთან სამართლიანი არჩევნებისთვის მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარალელურად კი შენობის პიკეტირება დაიწყო, რათა დეპუტატებმა, პირობის შეუსრულებლობისა და მოსახლეობის მოტყუების გამო, მოვალეობის შესრულება ვერ შეძლონ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ამით ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომელიც მან 20-21 ივნისის - გავრილოვის ღამის და მოქალაქეების დარბევის შემდეგ დადო, ფასთომასშტაბიანი პროტესტის პასუხად.

შესაბამისად, განახლდა საპროტესტო აქციებიც.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

ლომჯარია: პიკეტირებაზე პასუხისმგებელი ის არის, ვინც პროპორციულს მხარი არ დაუჭირა

ლომჯარია: პარლამენტის პიკეტირებაზე პასუხისმგებელი ის არის, ვინც პროპორციულს მხარი არ დაუჭირა

კომენტარები