საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტში 12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა ვერ ჩატარდა

ტაბულა

პარლამენტში 12:00 საათზე ჩანიშნული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მერაბ ქვარაია და რევაზ არველაძე შენობაში არ შეუშვეს. მათ შეძახილებით დახვდნენ.

15:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საარჩევნო ცვლილებების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებენ.

პარლამენტის წინ აქცია გუშინ 15:00 საათზე დაიწყო. მას შემდეგ მათ პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები დაადეს და კარვები გაშალეს, სადაც ქვიშის ტომრები ჩააწყვეს.

პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

კომენტარები