აშშ-ჩინეთი

ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე მიაღწევს

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
CTV

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას აზია-ოკეანეთის ეკონომიკური კოოპერაციის სამიტამდე მიაღწევს. შეხვედრა ჩილეში 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.

"ვფიქრობ, ძალიან მარტივად შევთანხმდებით, იმედია, ჩილეს სამიტამდე, სადაც მეც და პრეზიდენტი სიც ვიქნებით," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა 18 ოქტომბერს.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობს.

ჩინელმა ვიცეპრემიერმა ლიუ ხემ თქვა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე პეკინის ხედვას შაბათს წარმოადგენდა.

გასულ კვირას ვიცეპრემიერის ხეს ვიზიტის დროს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩინეთი ყოველწლიურად 50 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აშშ-ის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ყიდვას დათანხმდა - ეს სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზაა.

გასულ თვეს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩინეთმა 16 ამერიკულ პროდუქტს ტარიფები მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთმა აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

გასულ თვეს კი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო.

კომენტარები