აფეთქება დიდ დიღომში

დიღომში კორპუსის აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები დამნაშავეებად ცნო. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ყაზტრანსგაზ-თბილისის ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყაზტრანგაზის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 62 წლის ვაზელ მამადიანი და 28 წლის თორნიკე ტატიშვილი 2019 წლის 18 იანვარს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. ისინი  ავთანდილის ქუჩის მაცხოვრებლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს. მაცხოვრებლებს ეჭვი ქონდათ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავდა. გამოძიების ვერსიით, ყაზტრანგაზის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა "არაჯეროვნად შეამოწმეს“ და მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი გაზის სუნში ეშლებოდათ.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვრის 20:30 საათზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ასევე, დაშავდა რვა ადამიანი - უმეტესობა ბავშვი.

კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზ თბილისის 18 იანვრის განმარტებით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა და მათთვის უცნობი იყო, რამ გამოიწვია აფეთქება.

კომენტარები