საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე "ყაზტრანსგაზის" ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა "ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია", - ამბობენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანიშნულია შემდეგი სახის ექსპერტიზები: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა.
"დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები", - ამბობენ შსს-ში.
სამინისტროს ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
ყაზტრანსგაზ თბილისმა განმარტება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა და მათთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ორი ადამიანის დაკავების შესახებ თავდაპირველად საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ "ყველა ის პირი, რომელიც გამოვლინდება ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე".