რუსთავი 2-ის საქმე

ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ - ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი პროკურატურაში მივიდა

ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ - ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ მთავარ პროკურატურაში მისვლისას თქვა. მისი თქმით, საქმე თითიდან გამოწოვილია და გაუგებარია, ამხელა რესურსი რატომ იხარჯება. 

მისივე თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასვლა და მისი დაბარება დროში ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.

"გაუგებარია რატომ არის საინტერესო. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი რომ მხოლოდ გუშინ, როცა ფორმულამ მაუწყებლობა დაიწყო, იმ დღესვე განხორციელდა გამომძიებლის ზარი. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის ის რომ ფორმულა დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვების წარმოებას და შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს მედია ბაზარს, ყველა ის გამოწვევა რაც აქვს თავისუფალ სიტყვას და ყველა იმ გამოწვევას რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს. ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ასე ვთქვათ ამის მშენებლობაში"- თქვა მან. 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში გუშინ დაიბარეს. 

ზურაბ გუმბარიძე კომპანია ინტერ მედიას დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს რუსთავი 2-ს კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ, ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსენები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.

კომენტარები