ბრექსითი

ჯონ ბერკოუმ პირობა დადო, რომ ჯონსონს ბრექსითზე კანონის დარღვევის უფლებას არ მისცემს

ჯონ ბერკოუ
PA

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ მზად იქნება პარლამენტის წესდება დახიოს, რათა ჯონსონის მხრიდან შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების არაკანონიერი მცდელობა შეაჩეროს.

თემთა პალატის სპიკერმა მთავრობას მიმართა და თქვა, რომ მზად არის დაუშვას "დამატებითი პროცედურული კრეატიულობა" თუ ეს საჭირო გახდება, რათა პარლამენტმა შეძლოს ჯონსონის მხრიდან კანონისათვის გვერდის ავლის დაბლოკვა.

"თუ აქამდე ბუნდოვანი იყო უფლება მომეცით საკუთარი პოზიცია ნათლად დავაფიქსირო. ბრექსითის ერთადერთი ფორმა, როგორიც არ უნდა იყოს, იქნება მხოლოდ ის, რომელსაც თემთა პალატა მხარს დაუჭერს.

2019 წელს, თანამედროვე ბრიტანეთში, საპარლამენტო დემოკრატიაში, ჩვენ, პარლამენტარები, კანონმდებლები, ვერ ვიკამათებთ იმაზე, რამდენად აუცილებელია კანონის მორჩილება." თქვა მან.

ბერკოუ პარლამენტის სპიკერის პოსტის დატოვებას ოქტომბრის ბოლოს, ბრექსითის ვადის გასვლის შემდეგ გეგმავს. ის პოსტს 10 წლის განმავლობაში იკავებდა. ბერკოუს მიაჩნია, რომ ბრექსიტმა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში სისუსტეები გამოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც შოტლანდიის სასამართლომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება არაკანონიერად სცნო, ჯონსონს თავის მართლება მოუხდა, რომ მას დედოფალი შცდომაში არ შეუყვანია.

ბერკოუს კომენტარი კი ჯონსონის კომენტარს შეეხება იმის თაობაზე, რომ ბრექსითის გადავადებას თხრილში სიკვდილი ურჩევნია. პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში პრემიერმინისტრს ევროკავშირისათვის სწორედ ბრექსითის გადავადების თხოვნას გულისხმობს.

რატომ შეაჩერა ბორის ჯონსონმა პარლამენტის მუშაობა?

  • 27 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალს მიმართა თხოვნით გადაედო ტრადიციული მიმართვა პარლამენტისადმი 14 ოქტომბრამდე.

    ზაფხულის შესვენების შემდეგ პარლამენტის მუშაობა 3 სექტემბერს, დედოფლის მიმართვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ელისაბედ მეორემ ჯონსონის თხოვნა დააკამაყოფილა და შედეგად პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერდა.

    ამან უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე თავად ჯონსონის კონსერვატიულ პარტიაში, ვინაიდან ამგვარად პარლამენტს ბრექსითის ბოლო ვადამდე, რომელიც ამჟამად 31 ოქტომბერია, საკითხების განსახილველად მხოლოდ 2 კვირა რჩებოდა.
  • პარლამენტის მუშაობა 10 სექტემბერს შეჩერდა. მანამდე კი კანონმდებლებმა მოახერხეს კანონის მიღება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის. კანონი ლორდთა პალატამაც დაამტკიცა.

    კანონი ბორის ჯონსონს დაავალდებულებს შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა ითხოვოს. ჯონსონმა კი თქვა, რომ ბრექსითის გადავადების აზრს ვერ ხედავს და ევროკავშირისათვის ვადის გადაწევის თხოვნას თხრილში სიკვდილი ურჩევნია.

    კანონს თემთა პალატაში მხარი 328 კანონმდებელმა დაუჭირა, მათ შორის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ.

    მათ შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი და ყოფილი ფინანსთან მინისტრები ფილიპ ჰამონდი და კენეთ კლარკი.
    კონსერვატიული პარტიის დეპუტატის მანდატი და ბიზნესის მინისტრის პოსტი დატოვა ბორის ჯონსონის ძმამ, ჯო ჯონსონმაც.
  • კანონის მიღების შემდეგ ჯონსონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სცადა. მან თქვა, რომ არჩევნების დანიშნვა არ სურს, მაგრამ პარლამენტი შეთანხმების გარეშე ბრექსითის შეფერხების მცდელობით ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ბრიტანეთის პოზიციებს ძირს უთხრის.

    თემთა პალატამ ინიციატივას ვადამდელი არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

ბოლო განვითარებები ბრექსითთან დაკავშირებით:

  • The Guardian-ის ინფორმაციით პარლამენტართა ნაწილს პარლამენტის მუშაობის აღდგენის შემდეგ მეის გეგმის დაბრუნება და ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება სურს.
  • ტერეზა მეის გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, რის შემდეგაც მან პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მთავარ წინააღმდეგობად ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი იქცა. ჯონსონს სწორედ ამ საკითხის შეცვლა სურს ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებებისას და ამბობს, რომ "ბექსტოპის" ამოღების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ მისი ამოღება მიუღებელია.
  • გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ჯონსონს უთხრა, რომ ჯონსონმა "ბექსტოპის" ალტერნატივა უნდა მოიფიქროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო არ არის. ამის შემდეგ ჯონსონმა დიდი შვიდიანის სამიტზე განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ევროკავშირის ბრალი იქნება, თუმცა დიდი ბრიტანეთი მას მარტივად გაუმკლავდება.
  • "ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

კომენტარები