Ryanair

Ryanair: თბილისი-კიოლნის რეისებს 2020 წლის აპრილიდან დავიწყებთ

Ryanair

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისი-კიოლნის რეისებს 2020 წლის აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

Ryanair-სა და საქართველოს აეროპორტის გაერთიანებას შორის ხელშეკრულება 21 აგვისტოს გაფორმდა. ირლანდიური ავიაკომპანია 2020 წლის ბოლომდე ჯამში 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს. მთავრობის ინფორმაციით, Ryanair-ი პირველ ეტაპზე მხოლოდ სამი მიმართულებით (მილანი, მარსელი, ბოლონია) აპირებდა ფრენების დამატებას, თუმცა, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ 2020 წლის აპრილში კიოლნის რეისიც დაემატება.

"პრემიერმინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში" - თქვა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა საქართველოს მთავრობის ცნობით.

თბილისი-მილანის, ქუთაისი-მარსელის და ქუთაისი-ბოლონიის ბილეთები ოფიციალურ საიტზე უკვე იყიდება - მილანის მიმართულებით პირველი ფრენა 6 ნოემბერს შესრულდება, მარსელის მიმართულებით - 7 ნოემბერს, ხოლო ბოლონიის მიმართულებით - 9 ნოემბერს. Ryanair-ი თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ იფრენს. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება. ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით Ryanair-ის რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ბოლონიაში 1 გზის ფასი 10 ევროდან, ხოლო მარსელის მიმართულებით, 27 ევროდან იწყება.

დანარჩენ მიმართულებებს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაკომპანია Ryanair-ი 2020 წლის დასაწყისში დააანონსებენ.

"პრირიტეტია, რომ იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც ფრენები არ ხორციელდება" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

კომენტარები