რუსეთი

დუმაში შეიქმნა კომისია, რათა "რუსეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა" გამოიძიოს

ვიასეჩლავ ვოლოდინი და ვლადიმერ პუტინი
REUTERS

რუსეთის დუმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ Meduza ავრცელებს

კომისიას სახელმწიფო დუმას უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე ვასილი პისკარევი უხელმძღვანელებს და ის 12 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. 

დუმას სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ კომისიის წევრები შვებულებიდან და მივლინებებიდან დაბრუნებიან, რათა პირველივე სხდომა ამ კვირაშივე ჩატარდეს. 

კომისიის შექმნას წინ უძღოდა მმართველი პარტიის Единая Россия-ს წარმომადგენლის, ანდრეი ისაევის, ინიციატივა კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ისაევი ამბობდა, რომ უპირველეს ყოვლისა, საქმე რუსეთის საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნების ჩარევას ეხება. ისაევი არ გამორიცხავდა, რომ კომისიის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე "კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებები შევიდეს". 

ამასთან, Interfax წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის სხდომებზე მიიწვევენ იმ მედიებს, რომლებიც მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ და საელჩოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროტესტზე ინფორმაციას ავრცელებდნენ, მონაწილეობდნენ მასში ან ჰქონდათ ურთიერთობა ორგანიზატორებთან. 

მოსკოვში 27 ივლისის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ასიათასობით ადამიანი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციური, დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვს. პოლიციამ მასობრივი დემონსტრაციები დაარბია და საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით აღძრა. 

ამასთან, 3 აგვისტოს საპროტესტო აქციის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ უცხოური მედიები და დიპლომატები რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.

კომენტარები