სექსუალური შევიწროება

პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მომღერალი ბრალდებებს უარყოფს

პლასიდო დომინგო

ოპერის მომღერალი და ლოს ანჯელესის ოპერის დირექტორი, პლასიდო დომინგო 8 მომღერალმა ქალმა და ერთმა მოცეკვავე ქალმა Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ, პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.

პლასიდო დომინგო ბრალდებებს უარყოფს, ლოს ანჯელესის ოპერის თქმით კი ისინი ამ საქმეებს გამოიძიებენ.

”მტკივნეულია იმის გაგება, რომ ჩემი კარგი განწყობების მიუხედავად ვიღაცას იმედი გავუცრუე ან არაკომფორტულად ვაგრძნობინე თავი, არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენი ხნის წინ იყო. ხალხმა, რომელიც მიცნობს და რომელსაც ჩემთან უმუშავია, იცის რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს ავნებს, შეურაცხყოფს ან შეარცხვენს”, - თქვა პლასიდო დომინგომ.

პატრიცია ვულფის თქმით, პლასიდო დომინგო მას ფიზიკურად არ შეხებია, უბრალოდ ყოველ ღამე სცენიდან მიმავალს ეკითხებოდა “მიდის თუ არა სახლში”. ერთ-ერთი ქალის თქმით, პლასიდო დომინგომ მას კაბაში ხელი ძალით შეუყო, სამი ქალი კი ამბობს რომ ოპერის მომღერალმა მათ ძალით ტუჩებში აკოცნინა.

ქალების თქმით, მსგავსი ინციდენტები ყველგან ხდებოდა - გამოსაცვლელ ოთახში, სასტუმროს ოთახში და სხვადასხვა შეხვედრებზე.

”ის ყოველთვის გეხებოდა “სხვანაირად”, ყოველთვის გკოცნიდა”, - თქვა ერთ-ერთმა ქალმა.

პლასიდო დომინგოს 18 სექტემბერს ფილადელფიის ოპერაის სეზონის გახსნაზე უნდა ემღერა, თუმცა ოპერამ განცხადება გამოაქვეყნა და ხალხს შეატყობინა რომ ბრალდებების გამო პლასიდო დომინგოს კონცერტი გადაიდო. ასევე მოიქცა სან-ფრანციკოს ოპერაც, სადაც პლასიდო დომინგოს 6 ოქტომბერს უნდა ემღერა.

პლასიდო დომინგო 78 წლის არის და ის ოპერის ერთ-ერთ ვარსკვლავად არის მიჩნეული. ის ყველაზე ხშირად წარმოდგენებს ლონდონში ასრულებს. მომღერალი 1962 წლიდან მეორე ქორწინებაშია მარტა ორნელასთან.

კომენტარები