რუსთავი 2-ის საქმე

სალია: R2-ში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, ეს ვაცნობე შესაბამის ორგანოებს

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, მან ტელეკომპანიაში დოკუმენტების გაცნობის შემდეგ წარადგინა განცხადება და "დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზე" მიუთითა. სალიამ აღნიშნა, რომ მისი განცხადება "უფრო ზოგადი" იყო, თუმცა, "გარკვეულ საკითხებში თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა კომპანიის საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს". სალიას აზრით, ის ვალდებული იყო, ამის თაობაზე ეცნობებინა შესაბამისი ორგანოებისათვის.

"კვალიფიკაციას და საბოლოოდ დამნაშავეა, თუ არა კონკრეტული პირი, ამას დაადგენს სასამართლო. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები. დანარჩენზე ალბათ, ნიკა გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას და საბოლოოდ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, პირი იქნება თუ არა მიჩნეული ბრალეულად. ფაქტია, რომ „ინტერმედიას“ საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია სხვა პირისთვის“, - თქვა სალიამ პირველი არხის ცნობით.

რუსთავი ორის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურტურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, შედეგად, რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები