ხორავას ქუჩის საქმე

მეზვრიშვილი კალანდიაზე: კომისიისგან განსხვავებით, მტკიცებულებათა ერთობლიობას დავეყრდენით

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პასუხობს იმ კითხვას, თუ რატომ არ დააკვეს ხორავას ქუჩის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპული საქართველოს ინიციატივით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში მთავარ რეკომენდაციად სწორედ მისი სისხლისსამართლებრივი დევნის რეკომენდაცია გასცა. 

მეზვრიშვილის თქმით, როდესაც საგამოძიებო კომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა, ერთადერთი მტკიცებულება, რაც მათ ჰქონდათ, თავად მიხეილ კალანდიას ჩვენება იყო. მეზვრიშვილის თქმით, საგამოძიებო ორგანოებს, მართალია, კალანდიას ბრალეულობაზე დიდი ხანია, ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე მას ვერ დააკავებდნენ. 

"როდესაც ეს ევროპული საქართველოს უმრავლესობით საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, ერთადერთი, რაც მათ ჰქონდათ, ეს გახლდათ თავად მიხეილ კალანდიას ჩვენება. ინფორმაცია, რომელიც მან საგამოძებო კომისიას მიაწოდა. ახლა რა მოხდა ამის შემდეგ. ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიებას გვქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ კალანდია შესაძლებელია ამ დანაშაულის თანამონაწილე ყოფილიყო. ჯერ კიდევ, შეგახსენებთ, როდის გაჩნდა ეს ეჭვები, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოჰქონდა და გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებმა მისცეს უკვე სასამართლო სხდომაზე ჩვენება. ამის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის ნეიტრალური პირების, არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებმაც მიხეილ კალანდია შესაძლო მონაწილეობა ამ დანაშაულში დაადასტურა. ახლა ევროპული საქართველოს უმრავლესობით კომისიისგან და მათი რეკომენდაციისგან განსხვავებით, ჩვენ დავეყრდენით კონკრეტულ მტკიცებულებათა ერთობლიობას,"- ამბობს მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იცოდნენ კალანდიას ბრალეულობის შესახებ, უბრალოდ, ის გადაწყვეტილებამდე არ დააკავეს, რასაც შემდეგნაირად ხსნის:

"რატომ არ მივეცით პასუხისგებაში, რატომ არ დავაკავეთ მიხეილ კალანდია მაშინ, როდესაც აი, ეს დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვეთ? იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სხდომა იმასთან დაკავშირებით, რომ გ.ბ. იღებდა, თუ არა ამ დანაშაულში მონაწილეობას და საერთოდ, იყო თუ არა მკვლელობის თანამონაწილე და ამ ფონზე ახლა იურისტები კარგად გამიგებენ და პირველ რიგში ბატონ შალვას [შავგულიძე] უნდა ესმოდეს ეს, რაზე ვსაუბრობ, ამ ფონზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას დაკავებაზე მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლო ჯერ კიდევ სხვა პირის მხრიდან მკვლელობის თანამონაწილეობაზე მსჯელობდა და გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა, უბრალოდ, აბსურდი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ დაველოდეთ გადაწყვეტილებას". 

4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიებელი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა. 

კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 5 სექტემბერს მოითხოვდა. 

თუმცა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაში მიხეილ კალანდიას დაკავება ერთადერთი რეკომენდაცია არ ყოფილა. ევროპული საქართველოს წევრები მთელი რიგი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ, როგორც პოლიტიკურ, ისე სისხლისსამართლებრივ ნაწილში. 

კერძოდ, საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით. 

კომისია ასევე საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა.

კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვდა, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

და ბოლოს, კომისია მოითხოვდა, დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დაკავებული თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები