ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე კალანდიაზე: გამოძიება უნდა დაიწყოს შსს-ის და პროკურატურის თანამშრომლების ჩარევაზეც

მეორე არხი

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ სწორედ მიხეილ კალანდიას დაკავება იყო საგამოძიებო კომისიის მიერ 2018 წელს გაცემული ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. 

კაპანაძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყო, შსს-ის მიერ მიხეილ კალანდიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, კალანდიას დაკავებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, გამოძიება დაიწყოს შსს-ის და პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან გამოძიების პროცესში ჩარევის საქმეზე. 

"ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შსს ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ეს იყო მათ შორის ჩვენი შუალედური რეკომენდაცია. 

მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმე იქნება საბოლოოდ ბოლომდე მიყვანილი, გახსნილი და მართლმსაჯულება შედგება და ეს ადამიანები თუ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს მკვლელობაში, ამ ძალიან მძიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, ბოლომდე იქნებიან დასჯილები.

იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს თავის დროზე. 

ამდენი ხანი არ გაგრძელდებოდა სამართლის ძიება, თავის დროზე რომ არ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში. ეს რეკომენდაცია არის გამოცემული თავის დროზე. კონკრეტული პირები გვყავს იდენტიფიცირებული, დაწყებული მირზა სუბელიანით, დასრულებული შსს-ის და პროკურატურის სხვა თანამშრომლებით. 

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლომდე დადგეს შედეგი და სამართალი ბოლომდე დაკმაყოფილდეს, რომ ამ დარღვევების ირგვლივაც იყოს გამოძიება, რომ თუ დადგინდება მათი გადაცდომა, ისინიც მიეცნენ პასუხისგებაში. 

კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება", - თქვა სერგი კაპანაძემ. 

სარალიძის მკვლელობის საქმე

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობისთვის მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავეს. 

შსს-მ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მერე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ეჭვი გაამყარა. 

გასულ წელს, საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დაბარებული პროკურორები და შსს-ის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ "კალანდიას ქმედებასა და სარალიძის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არის". 

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამარლთოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა

საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 2018 წელს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, მინისტრები, თვითმხილველები, ექსპერტები და საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები გამოკითხა, დაასკვნა, რომ:

გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მიხეილ კალანდიას როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, კომისია წერდა, რომ: 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მიხეილ კალანდიას და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მიხეილ კალანდია, ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მიხეილ კალანდიას მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომენტარები